„ადამიანის უფლებათა ცენტრი“- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დასაქმებულებს შესთავაზა ხელშეკრულება, რომელშიც მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებია წარმოდგენილი

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დასაქმებულებს შესთავაზა შრომითი ხელშეკრულება, რომელშიც წარმოდგენილია მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესები, ხოლო დასაქმებულთა უფლებები ვერ ესადაგება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს.

ორგანიზაციის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ხელშეკრულებით, სრულად იცვლება დასაქმებულის სამუშაო პირობები, რაც საათობრივად დასაქმების სამუშაო რეჟიმზე გადასვლას გულისხმობს.

„ანაზღაურება განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. შეთავაზებაში მოცემულია დღიური ანაზღაურების ტარიფი, მაგრამ არ არის გაწერილი სამუშაო დღეების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა, რაც დამსაქმებელს უტოვებს შესაძლებლობას, რომ დასაქმებულმა, ხელშეკრულების შესაბამისად, ერთი სამუშაო დღეც ვერ მიიღოს. ხელშეკრულებით, ასევე, დასაქმებულს ეკრძალება სხვა მედიასაშუალებაში დასაქმება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს კონკრეტული შეთავაზება რეალურად სამსახურიდან გათავისუფლების ანალოგია. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ ცვლილებების შეთავაზება დასაქმებულეთათვის სტრესული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს, რაც უგულვებელყოფს დასაქმებულთა შრომით უფლებებს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ყურადღებას ამახვილებს თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმების დასაბუთებულობაზე და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მკაფიო, ობიექტური არგუმენტების გაწერა მენეჯმენტის მიერ, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყოს გამჭვირვალე და დასაბუთებული.

„ასევე, საყურადღებოა შეთავაზებული ხელშეკრულების სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილი, რომლის საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი. ეს ნაწილი ბუნდოვანია და არ მოიცავს გათავისუფლების კონკრეტულ საფუძველს, რაც დამსაქმებელს თვითნებობის საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს აღნიშნული ჩანაწერი.

მნიშვნელოვანია, პროცესში აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რათა ობიექტურად შეაფასოს მაუწყებლის საკადრო პოლიტიკა, დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებების კანონთან შესაბამისობა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებელს:

„დასაქმებულთათვის შექმნას სამართლიანი შრომითი გარემო, სადაც შრომითი ურთიერთობა დაფუძნებული იქნება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დაბალანსებული, შრომითი უფლებების საფუძველზე;

უზრუნველყოს აღნიშნულ პროცესში საზოგადოებრივი პროფესიური კავშირის მონაწილეობა და ოპტიმიზაციის პროცესის შეჩერება, მანამ სანამ საზოგადოებრივი პროფესიული კავშირის ჩართულობა არ იქნება უზრუნველყოფილი, რომ არ მოხდეს ერთპიროვნული, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღება;

სამართლიანი შრომის პირობების შესაქმნელად აწარმოოს დასაქმებულებთან დიალოგი, მათი საჭიროებებისა და უფლებების გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი სამართლიანი გადაწყვეტილებები“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს