გუბერნატორი - სწრაფი რეაგირების საფუძველზე, ატენის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზება გახდა შესაძლებელი

შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია, თუმცა მონიტორინგისთვის შესაბამისი ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
„მომხდარზე სწრაფი რეაგირების და რამდენიმე უწყების კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერების უმოკლეს დროში ლოკალიზება. სამუშაოებს ართულებდა რთული რელიეფი. გარდა ამისა, არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი გავრცელებულიყო ტყიანი ფართობების სხვა ტერიტორიაზე. თუმცა, ეს საფრთხე აღარ არსებობს. მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე და ასევე მონიტორინგის მიზნით დარჩებიან ადგილზე და ვითარებას გააკონტროლებენ“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

























