მცხეთა-მთიანეთი საძოვრების რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამაში ერთვება

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მცხეთა-მთიანეთი საძოვრების რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამის ერთ-ერთ მონაწილედ განისაზღვრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის გუბერნიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ პროექტის კონცეფციის შემუშავება და საპილოტე ადგილების შერჩევა იწყება.
მხარის გუბერნატორმა, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებზე და პროექტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ისაუბრა.
პროექტი სამ ძირითად კომპონენტს ეფუძნება, რაც გულისხმობს - ადეკვატური საკანონმდებლო ბაზის ფორმირებას, საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად ალტერნატიული საძოვრის შერჩევას და შერჩეული ტერიტორიის რეაბილიტაციას, ფერმერების ცოდნის გაღრმავებას და ცნობიერების ამაღლებას.
საძოვრის ტერიტორიის შერჩევის შემდეგ, საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს გაამართლებს, მოხდება მისი განვრცობა რეგიონის მასშტაბით.
„საძოვრების აღდგენა ხელს შეუწყობს ფერმერული მეურნეობის კიდევ უფრო განვითარებას მცხეთა-მთიანეთში, რაც, რეგიონის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მყარი გარანტიაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროგრამის დანერგვას და შესაძლებლობების ფარგლებში, აქტიურად ჩავერთვებით მის წარმატებით განხორციელებაში“, - განაცხადა გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.

























