ირაკლი ქადაგიშვილი - რეგიონული განვითარება საქართველოს მთავრობის სოციალურ - ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია

რეგიონული განვითარების მოდელი უნდა ეფუძნებოდეს სამ ძირითად ფუნდამენტს: ტერიტორიული, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება; ინოვაციების მხარდაჭერა - რეგიონის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და დაბალანსებული ურბანიზაცია, - ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა პოლონეთის ქალაქ კრინიცაში 28-ე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფორუმის ფარგლებში, ირაკლი ქადაგიშვილი აუდიტორიის წინაშე „ქალაქებისა და რეგიონების მდგრადი განვითარების ეფექტური მართვის“ შესახებ მოხსენებით წარდგა და აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარების მიზნების მისაღწევად საჭიროა ყურადღება რამდენიმე ძირითად გარემოებაზე გამახვილდეს.

„კახეთის რეგიონი საქართველოს აღმოსავლეთით მდებარეობს. რეგიონის ეკონომიკის ძირითადი დარგებია: სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. კახეთის რეგიონი ცნობილია, როგორც მეღვინეობა-მევენახეობის რეგიონი. საქართველოს ვენახების 70% სწორედ ამ რეგიონშია თავმოყრილი. ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიცია კი 8000 წელს ითვლის. კახეთის რეგიონი 8 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებია: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის არჩევა ხდება პირდაპირი არჩევნების გზით. მე გახლავართ რეგიონის გუბერნატორი. სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ქვეყნის პრემიერის მიერ ინიშნება. ჩემი როლი ცენტრალურ მთავრობასა და მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაცია გახლავთ, ასევე, ცენტრალური მთავრობის პოლიტიკის გატარება, რომელიც გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებას.

რეგიონული განვითარება საქართველოს მთავრობის სოციალურ - ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია. რეგიონული განვითარების მოდელი უნდა ეფუძნებოდეს სამ ძირითად ფუნდამენტს: 1) ტერიტორიული, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება 2) ინოვაციების მხარდაჭერა და რეგიონის კონკურენტუნარიანობის ამაღლება 3) დაბალანსებული ურბანიზაცია. აღსანიშნავია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ და ვიზალიბერალიზაციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში ინსტიტუციური და ფუნდამენტალური რეფორმების წარმატებით განხორციელებას. ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ გარემოებებზე: 1) სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა; 2) მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა და გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა; 3)ფინანსური მდგრადობა/ ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობა; 4)გადაწყვეტილებების საჯაროობა, მოსახლეობის ჩართულობა; 5)სივრცითი განვითარება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიძემ.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ა(ა)იპ „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი მალხაზ ჭრელაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში, კრინიცაში 28-ე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ისინი პოლონეთში 28-ე ეკონომიკური ფორუმის პროგრამის საბჭოს თავმჯდომარის ზიგმუნდ ბერდიჩოვსკის ოფიციალური მიწვევით იმყოფებიან.

ცნობისთვის, კრინიცაში ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება, სადაც 60 ქვეყნიდან მაღალი თანამდებობის პირები ერთი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან. მიზანი კი, ევროპის ქვეყნებს შორის დიალოგის ჩამოყალიბება და თანამშრომლობის განვითარებაა. მიმდინარე წელს, 28-ე ეკონომიკური ფორუმის თემატიკას წარმოადგენს - „საერთო ფასეულობების ევროპა თუ საერთო ინტერესების ევროპა?“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს