თბილისი „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, 7-8 სექტემბერს თბილისში „პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენცია - „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ გაიმართება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „პროგრესული ალიანსის“ თბილისის კონფერენცია ეძღვნება გლობალურ გამოწვევებს - შრომის პერსპექტივებს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში და საქართველოში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა უმუშევრობა. კონფერენციის მონაწილეები ასევე განიხილავენ ალიანსის წევრი ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პერსპექტივებს.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, „პროგრესული ალიანსის“ გამგეობის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „პროგრესული ალიანსის“ კოორდინატორი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (SPD) კონსტანტინ ვოინოვი.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს „პროგრესული ალიანსის“ წევრი, 50-ზე მეტი მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმარი: ალიანსის გამგეობის წევრები, ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელები და წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები.

კონფერენციასთან ერთად, ასევე გაიმართება „პროგრესული ალიანსის“ გამგეობის წევრთა შეხვედრაც, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან ერთად მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილება.

„პროგრესული ალიანსი“ მსოფლიოს სოციალისტების, სოციალ-დემოკრატების, ასევე სხვა პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომელიც 2013 წელს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ინიციატივით შეიქმნა. მასში გაერთიანებულია მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი, 120-მდე პოლიტიკური პარტია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამჟამად ალიანსს თავმჯდომარეობს ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცი. პარტია „ქართული ოცნება“ „პროგრესული ალიანსის“ სრულუფლებიანი წევრია.

რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2019
ვაჟა ბერიძე - მთავარი არა საარჩევნო სისტემაა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის
გრძელვადიანი ბიუჯეტი – თბილისის მასშტაბური პროექტების დაცვა მმართველობის ცვლილებებისგან