ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2018

"ქობულიას არც მუშაობა აინტერესებს და არც პასუხისმგებლობა" - სად იკარგება ხშირ-ხშირად მინისტრი?

ზაზა სარალიძე - "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას

ბრიტანეთის პრემიერი პუტინს ღიად ემუქრება

* * *

"ქობულიას არც მუშაობა აინტერესებს და არც პასუხისმგებლობა" - სად იკარგება ხშირ-ხშირად მინისტრი?

"ეკონომიკის ახალ მინისტრს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. 2 თვეში 3 შვებულება, რითაც გიორგი ქობულიამ ყურადღება მიიპყრო, საზოგადოებამ ძალიან მწვავედ მიიღო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სისტემურ კრიზისს განიცდის, რის ფონზეც ეკონომიკის მინისტრის დაუსრულებელი შვებულებები უამრავ კითხვას აღძრავს. როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ეკონომიკის სამინისტრო სრულფასოვნად მუშაობს, როდესაც გააკეთა კომენტარი ჟურნალისტის შეკითხვაზე მთავრობის სხდომის დაწყების წინ. ეკონომისტების უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ახალბედა მინისტრი ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობს, რაც მას უპასუხისმგებლო პიროვნებად წარმოაჩენს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ქობულიას არც მუშაობა აინტერესებს და არც პასუხისმგებლობა" / სად იკარგება ხშირ-ხშირად მინისტრი?"

"მოკლე პერიოდში რამდენჯერმე შვებულებაში ყოფნა არ არის კატასტროფა, თუ სისტემა მეტ-ნაკლებად ნორმალურად მუშაობს. აქ ჩნდება სხვა - თავად ამ ადამიანის დამოკიდებულების პრობლემა სახელმწიფო სამსახურის მიმართ - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის მთავარი არის რეპუტაცია და საზოგადოების თვალში პასუხისმგებლობის მქონე მოღვაწის განცდის გაჩენა. ქობულიას ასეთი საქციელი მიგვანიშნებს, რომ მას არ აწუხებს ეს თემები, რაც მძიმე დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს.. არ მგონია, მინისტრის საქციელი სწორი იყოს - ობიექტური მიზეზი თუ არსებობს, მეტი დასაბუთებაა საჭირო - უნდა იცოდეს საზოგადოებამ მინისტრი რას აკეთებს და რატომ აკეთებს... პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულება არის ანგარიშვალდებულება და მუშაობა. ქობულია თავისი ქმედებით გვიჩვენებს, რომ არც ერთი აინტერესებს და არც - მეორე. ელემენტარულად, უნდა განაცხადოს, რომ წუხს, რადგან ასე სისტემატურად უწევს შვებულებაში წასვლა, მაგრამ იგი აგდებულად ექცევა საზოგადოებას და სწორედ ესააა პრობლემა", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

"დღეს ეკონომიკა უკიდურესად მძიმე ვითარებაშია და სისტემურ კრიზისს განიცდის - მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ უნდა გადიოდნენ შვებულებაში და დღე და ღამე უნდა მუშაობდნენ... ახალმა პრემიერ- მინისტრმა მთავრობის სათავეში მოსვლამდეც და მერე შემდეგშიც ბევრი კარგი ილაპარაკა, მაგრამ ჯერჯერობით ქმედებებზე არ გადასულა. რაც შეეხება ქობულიას პერსონას და მის დამოკიდებულებას თავისი თანამდებობის მიმართ, ეს აშკარად დამაფიქრებელია.... ეკონომიკის მინისტრის სამუშაო დღეებს ვერ დავითვლი, მასგრამ ცხადია, ის ამჟამად საქმის აწყობის პროცესში უნდა იყოს. საეჭვოა, მოკლე პერიოდში უკვე ისე კარგად აეწყო საქმე, რომ ავტომატურ რეჟიმში შვებულებაში გაეშვათ. ჩვენ არ გვაქვს ისე საქმე აწყობილი, რომ ეკონომიკის მინისტრის მხრიდან 2 თვეში 3 შვებულება ნორმალურ ფაქტად ჩავთვალოთ", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი.

ზაზა სარალიძე - "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას

"ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციებს იწყებს. სარალიძემ გუშინ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნა შეაფასა. ამასთან, შვილმოკლულმა მამამ "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ დასკვნას სამარცხვინო უწოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "მდინარაძე პრესტიჟზე მელაპარაკება... ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს".

"კომისიის მსვლელობის მადლობელი ვარ, რადგან საზოგადოებამ ნათლად დაინახა, ვინ რა დარღვევები ჩაიდინა, ვინ არის მკვლელი და ვინ ვის აფარებს ხელს. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას. 10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და კონკრეტული მოთხოვნები იქნება იქ",- განაცხადა სარალიძემ. მისი თქმით, მთელი საქართველო დარწმუნდა, რომ მმართველი გუნდი და მაღალჩინოსნები პირდაპირ მფარველობას უწევენ მკვლელებს და ამ საქმის გამყალბებლებს - "ქართული ოცნება" მფარველობს მკვლელებს და ამ განაჩენს ქართულ საზოგადოებასთან ერთად გამოვუტან მე, ზაზა სარალიძე იმიტომ, რომ ჩემი შვილი, როგორც ბესელიამ განმარტა, ვიღაც არ არის", - განაცხადა სარალიძემ, რომლის თქმით, "ვიღაცის გულის მოსაგებად არ იყო ეს კომისია შექმნილი", - აღნიშნავს გამოცემა.

"აქ არის მთავარი, ვინ მოკლა დავით სარალიძე და არა ვინ გაღუნა დანა. ვინც გაღუნა დანა, ისიც დამნაშავეა იქიდან გამომდინარე, რომ ხელი შეუშალა მკვლელის დადგენას და დღეს ვღებულობთ ჩვენ იმას, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას. პროკურატურა რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, შსს რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, რას ელოდებიან, პრესტიჟებზე ლაპარაკობენ? ჩემს შვილს პრესტიჟი აღარ აინტერესებს. ეს მინდა შევახსენო თავად მდინარაძეს, საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება - ამას მე მაგათ არ შევარჩენ" - აღნიშნა სარალიძემ და დასძენა, "მისი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს", - წერს სტატიის ავტორი.

ბრიტანეთის პრემიერი პუტინს ღიად ემუქრება

"ბრიტანულმა პოლიციამ ორი რუსის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან მარტში რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ე.წ. გრუ-ს თანამშრომლები არიან. რუსეთის ხელისუფლება ყველა ბრალდებას უარყოფს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბრიტანეთის პრემიერი პუტინს ღიად ემუქრება - "რუსეთს მოუწევს საბოლოოდ იმის ახსნა, თუ რა მოხდა სოლსბერიში".

"არსებობს საკმარისი საფუძველი რუსეთის მოქალაქეების, ალექსანდრე პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის წინააღმდეგ ოფიციალური ბრალდების წამოყენების", - ნათქვამია სკოტლენდ იარდის განცხადებაში. ბრიტანეთის საგამოძიებო ბიური იქვე აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილების სახელები რეალური არ არის. ამავე დროს, გაერთიანებული სამეფოს პროკურატურამ ეჭვმიტანილებზე საერთო ევროპული ძებნის ორდერი გამოწერა. პროკურატურა აცხადებს, რომ ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთისთვის არ მიუმართავს, რადგან ამ ქვეყნის კონსტიტუცია საკუთარი მოქალაქეების სხვა ქვეყნისთვის გადაცემას კრძალავს. როგორც ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სოლსბერიში მოწამვლის სანქცია სავარაუდოდ რუსეთის ხელმძღვანელობისგან იყო გაცემული", - აღნიშნავს გამოცემა.

"გამოძიების შედეგებით, მთავრობა ასკვნის, რომ ორი მოქალაქე, რომელთა სახელები პოლიციამ და პროკურატურამ დაასახელეს, რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები არიან", - განაცხადა მეიმ. "ეს არ იყო მხოლოდ კრიმინალური ოპერაცია, ის, სავარაუდოდ, გრუ-ს გარეთ, რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დამტკიცდა", - თქვა მან. პრემიერის თქმით, გრუ-ს ქმედებები საფრთხეს უქმნის ბრიტანეთს და მის ყველა მოკავშირეს, შესაბამისად საპასუხო ზომებსაც კოლექტიური ხასიათი უნდა ჰქონდეს. "ჩვენ ყველას გვესმის, სინამდვილეში რას საქმიანობს გრუ ჩვენს ქვეყნებში, ჩვენ ვცდილობთ ნათელი მოვფინოთ მათ ქმედებებს, გამოვავლინოთ მათი მეთოდები და გავუზიაროთ ისინი ჩვენს პარტნიორებს", - დასძინა მან. მისი თქმით, სოლსბერის თავდასხმა ჩაფიქრებული იყო, როგორც ერთგვარი გაფრთხილება საზღვარგარეთ მცხოვრები იმ რუსებისათვის, რომლებსაც კრემლი მტრად მიიჩნევს. ტერეზე მეის განცხადებით, "რუსეთს მოუწევს, საბოლოოდ იმის ახსნა, თუ რა მოხდა სოლსბერიში", - დასძენს გამოცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა