გორის მერმა გზის სარებილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

გორის მერმა ქვემო ხვითში დასრულებული და ზემო ხვითში მიმდინარე გზის სარებილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ქვემო ხვითში რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე, გზის 1 070 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. პროექტი, რომლის ღირებულებამაც 661 970 ლარი შეადგინა, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივები მერთან შეხვედრისას აცხადებდნენ, რომ სოფელი უკვე უზრუნველყოფილია სასმელი წყლით, ნაგვის ურნებით, მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით და გარეგანათებით.
ქვემო ხვითში კონსტანტინე თავზარაშვილმა საბავშვო ბაღის შენობაც დაათვალიერა. მისი ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულება მიმდინარე წელს გაიხსნება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზემო ხვითისა და ზემო ნიქოზის დამაკავშირებელი გზის 1 595 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხელშეკრულების მიხედვით მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მათივე ცნობით, ორივე პროექტით გათვალიწინებული სამუშაობის შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში კომპანია შპს „საგზაო სამმართველო N1“ - მა გაიმარჯვა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, როგორც ქვემო, ასევე ზემო ხვითშიც მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს.

























