„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, საქართველოში შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

საქართველოში შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტით იმყოფება შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ მფლობელი, პიტერ შპულერი. მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის დამფუძნებელს შეხვედრა ჰქონდა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძესთან და თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში „შტადლერის“ რეგიონული ქარხნის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

მათივე ცნობით, ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით, როგორც ,,საქართველოს რკინიგზას“, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვისაც დაამზადებს მოძრავ შემადგენლობებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელმა ლიდერმა შვეიცარიულმა კომპანია „შტადლერმა“, „საქართველოს რკინიგზამ“ და თბილისის მერიამ რეგიონული საწარმოს მშენებლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2018 წლის ივნისში გააფორმეს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ