„იბერიას“ ჟურნალისტები ტელეკომპანიიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები დღეს კომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენების მთავრობის კანცელარიასთან გაპროტესტებას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის ჟურნალისტები დღეს „იბერიას“ შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ. ამასთან, 11:00 საათიდან დაახლოებით სამი საათის განმავლობაში არხის მაუწყებლობა გათიშული იქნება.

„ტელეკომპანია „იბერიას“ უკვე მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში უწევს მუშაობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს, ვინც აქ განვითარებულ პროცესებს ობიექტურად აშუქებს. 10 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები ვაწყობთ საპროტესტო მსვლელობას ტელეკომპანია „იბერიადან“ მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით. ამიტომ დაახლოებით 3 საათის განმავლობაში დილის 11:00 საათიდან ჩვენი მაუწყებლობა გათიშული იქნება. ჩვენ ერთად გავაპროტესტებთ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს“, - განაცხადა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იბერია" რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არხის მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა.

ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით "იბერიას" მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უპასუხა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ "ომეგა ჯგუფში" შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს "ოჯთ-ის" საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს