ქართული პრესის მიმოხილვა 11.09.2018

მისტიურ მკვლელობათა სერია - ვინ ნადირობს სეპარატისტულ ლიდერებზე

გია ხუხაშვილი - "ზურაბიშვილმა მმართველ გუნდში დაპირისპირებით ისარგებლა და პრეზიდენტობა "გაიჩალიჩა"

ახალგარემონტებული სკოლები და ბაღები სწავლის დაწყების წინ ინგრევა

* * *

მისტიკურ მკვლელობათა სერია - ვინ ნადირობს სეპარატისტულ ლიდერებზე

"აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია, 71 წლის ასაკში, 8 სექტემბერს საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერფაქსმა" გაავრცელა "პრეზიდენტის" ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. "რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დიანა ზანთარიამ განაცხადა, რომ გაგულია, აფხაზეთის "რესპუბლიკის" ე.წ. პრეზიდენტთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სირიიდან დაბრუნდა, სადაც "სახელმწიფო ვიზიტით" იყო ჩასული. სოჭის აეროპორტიდან სეპარატისტულ რესპუბლიკაში დაბრუნებისას, გუდაუთის რაიონში, მანქანას, რომელშიც "პრემიერმინისტრი" იყო, შეეჯახა სხვა მანქანა, რომელმაც ავტოსაგზაო წესები დაარღვია და დარტყმის შედეგად გაგულია შეიწირა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მისტიკურ მკვლელობათა სერია - ვინ ნადირობს სეპარატისტულ ლიდერებზე.

"სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, ზახარჩენკოს აფეთქება, მოლდოვეთის პრეზიდენტის ავარია და გაგულიას სიკვდილი შემთხვევითი არაა და მათ შორის რაღაც კავშირი არსებობს. პოლიტიკური ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი კი განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სხვა, დამატებითი გარემოება არ გამოჩნდება გაგულიას დაღუპვის საქმეში, გაუმართლებელი იქნება იმის თქმა, რომ ეს მართლა გამიზნული და დაგეგმილი მკვლელობა იყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყაზბეგ მახაშევმა განაცხადა, რომ დამნაშავეა 1996 წელს დაბადებული ხაჯარატ ტარსმანი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. ამჟამად, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ბრალად ედება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფს ავტოსაგზაო წესების დარღვევა, რამაც ადამიანი იმსხვერპლა. სეპარატისტული რესპუბლიკის "პრეზიდენტი" ხაჯიმბა ამბობს, რომ თვითონ იყო ამ ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი და ეს ნამდვილად არ იყო ტერაქტი. "რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ მაისაიამ აღნიშნა, რომ სეპარატისტული რესპუბლიკის "პრემიერმინისტრი" გენადი გაგულია პოსტის დატოვებას და ოპოზიციაში გადასვლას გეგმავდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც ვიცი, გაგულია აპირებდა გადადგომას იმიტომ, რომ ის არ ეთანხმებოდა ხაჯიმბას სხვადასხვა პოლიტიკურ ნაბიჯებს. საინტერესო მომენტია ასევე ისიც, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ასევე ავტოავარიაში მოჰყვა მოლდოვეთის პრეზიდენტი დოდონი. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ორი შემთხვევის დაკავშირება, მაგრამ დოდონი აპირებდა დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელობასთან შეხვედრას. პრინციპში, ეს ნაკლებად შედიოდა კრემლის ინტერესებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. დნესტრისპირეთის ე.წ. შეიარაღებულა ძალებმა დაიწყეს მასობრივი სამხედრო წვრთნები - 4 000 ადამიანის მონაწილეობით. ფაქტობრივად, მათ მოლდოვას დაუფიქსირეს, რომ განწყობილები არიან მილიტარისტულად - ზახარჩენკო, დოდონი და გაგულია - ყველა ეს მომენტი შემთხვევითი არ უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცენტრალურ ადგილად იქ, სადაც არც თუ ისე ავარიასაშიში ტერიტორია იყო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"თუ იმასაც გავითვალისწინებთ, როგორ დაიღუპა სერგეი ბაღაფში, რომელიც უცებ, გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა ბარვიხას სანატორიუმში, ასევე იმავე ბარვიხაში გარდაიცვალა იური შეკოჩიხინი, რომელიც პუტინის პირდაპირი მტერი იყო და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის მოწამლული იყო ისეთივე ნივთიერებით, როგორითაც მოიწამლნენ ლიტვიენკო და სკრიპალები ანუ რუსეთის სპეცსამსახურებს პირველად არ დაუწყიათ რადიაქტიული ნივთიერებებით ხალხის მოწამვლა. გაგულიას შემთხვევაში ავტოავარიის მოწყობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა იმის გათვალისწინებით, რომ იყო გარკვეული უთანხმოებები ხაჯიმბასა და გაგულიას შორის საკმაოდ სერიოზულ კომპონენტებთან მიმართებით. დღეს, მოგეხსენებათ, აფხაზეთის მთელი "ოპოზიციური ჯგუფი" არის მიმართული არამარტო ხაჯიმბას, არამედ რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის წინააღმდეგაც. ბუნებრივია, თუ გაგულია გადავიდოდა და ოპოზიციურ ბანაკს მიუერთდებოდა, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა არასასურველი სცენარი კრემლის მესვეურთათვის. გაგულიას გადასვლა სერიოზული განხეთქილების ნიშანი იქნებოდა, მით უმეტეს, როგორც ჩანს, ახლოვდება მორიგი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და, რა თქმა უნდა, კრემლი მობილიზებულია და ცდილობს, აფხაზეთში მოივიდეს ის ძალა რომელიც მოსკოვის ინტერესებს გაატარებს და მისი მონა-მორჩილი იქნება", - დაასკვნის მაისაია.

"პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სხვა გარემოებების აღმოჩენამდე რთული იქნება იმის მტკიცება, რომ გაგულია გამიზნულად მოკლეს. რაც შეეხება ზახარჩენკოს აფეთქებასა და ახლა გაგულიას ავტოავარიაში მოხვედრას, ამ ორ ფაქტს შორის ზაქარეიშვილი კავშირს ვერ ხედავს - "მჯერა, რომ ეს იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რადგან ამის სხვა საფუძველი არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ გაგულია არ იყო პოლიტიკური ფიგურა, ის იყო სამეურნეო ადამიანი. იქ ხაჯიმბაც იყო და თუ ტერაქტი იქნებოდა დაგეგმილი, ის ხაჯიმბას წინააღმდეგ იქნებოდა. გაგულიას სიკვდილი არაფერს არ ცვლის ამ წუთში აფხაზეთში. ის იყო სამეურნეო ტიპის პრემიერმინისტრი, მას არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური დატვირთვა და სწორედ ამიტომ იყო შერჩეული თავის დროზე ამ თანამდებობაზე. თუ ახალი გარემოებები არ გაჩნდა, იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც არსებობს, შემიძლია იმის თქმა, რომ ეს არ იყო ტერაქტი", - დარწმუნებულია ზაქარეიშვილი, რომლის თქმით, "გამორიცხული არაფერი არ არის, გაგულიას სიკვდილი და ზახარჩენკოზე თავდასხმა ეს სხვადასხვა მოვლენებია". დღეს ის გამორიცხავს ამ მოვლენებს შორის რაიმე კავშირს იქამდე, სანამ დამატებით ახალი ინფორმაცია არ გამოჩნდება და არ შეცვლის სურათს", - წერს სტატიის ავტორი.

გია ხუხაშვილი - "ზურაბიშვილმა მმართველ გუნდში დაპირისპირებით ისარგებლა და პრეზიდენტობა "გაიჩალიჩა"

"ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარტიაში შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და პრეზიდენტობა "გაიჩალიჩა". მისი აზრით, მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნები დიდად არ ადარდებს, თუმცა იმის შიში აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა არ გაიმარჯვოს. ამიტომაც იძულებული გახდა, რომ ზურაბიშვილისთვის მხარი დაეჭირა. ხუხაშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის არაკომპეტენტურობის და უცოდინირობის გამო ქვეყანა ხშირად უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ზურაბიშვილმა მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირებით ისარგებლა და პრეზიდენტობა "გაიჩალიჩა" / ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი თავი ჩიხში თავადვე შეიყვანა.

"ქართული ოცნება" ფსევდოდემოკრატობანას თამაშობს, რითაც საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა. მოცემულობა ისე შეიქმნა, რომ სხვა გზა აღარ დარჩა. ყველა გზა მოიჭრა და უკვე გასაგები იყო, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერდნენ. ეს არის უხარისხო თამაში, ვიცით, რომ ქართული პოლიტიკა დიდი ხანია მოკვდა, მდარე ხარისხის რელითი შოუ გახდა. ყველა ერთად პროვინციული სპექტაკლის მონაწილეები ვართ. ამ სპექტაკლში სალომე ზურაბიშვილი ახალი მოთამაშის სახით გამოჩნდა... მქონდა ინფორმაცია, რომ პარტიაში ზერაბიშვილთან დაკავშირებით სერიოზული წინააღმდეგობა იყო. წინააღმდეგობს და სადღაც ბურტყუნი ერთია, მაგრამ როცა ადამიანს პრინციპი არ გაგაჩნია, რა გინდა რომ ქნა? ამ პარტიაში რომ პრინციპულობის დეფიციტია, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის - სადღაც შეიძლება იჭუჭყუნონ, ფეხები აბაკუნონ, მერე ნებისმიერ რაღაცას მაინც ეგუებიან. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, ცოტა ვიმხიარულებთ და გავერთობით. საქმე ისაა, რომ ზურაბიშვილზე არც მეტი არც ნაკლები არავინ არ არის. ამ დეგრადირებული ელიტის რიგითი წევრი კი სალომე ზურაბიშვულია, რომელმაც პრეზიდენტობა "იჩალიჩა" - ესაა ქალის "ჩალიჩის" შედეგად მიღებული გადაწყვეტილება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"უბრალოდ, პარტიის შიგნით ისეთი იმდენად გაუგებარი და დეზორგანიზებული სიტუაციაა, რომ გაფუჭებული ტელეფონის ამუშავების პრინციპით ისეთი შედეგის მიღება შეიძლება, რაც ზურაბიშვილმა მოახერხა. "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება არის ზიზღი, რომელსაც პარტიის წევრები ინახავენ. მიუხედავად იმისა, რიმ ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთი კაცის კისერზე ჯდომა მაინც სასურველია - ეს არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი. ზურაბიშვილმა ამ სიტუაციით იხეირა - ვიღაცამ სარგებელი ხომ უნდა ნახოს", - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - "მმართველი გუნდისთვის არსებობდა საფრთხე, რომ არჩევნებში თუ რამე სახით არ ჩაერთვებოდა, "ნაციონალები" გაიმარჯვებდნენ?" - პასუხობს:

"მმართველი გუნდისთვის ის კი არ არის მთავარი, რომ მათმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, მთავარი ისაა, რომ "ნაციონალებმა" არ გაიმარჯვონ, თორემ საპრეზიდენტო არჩვენები მათთვის სულაც არ არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. პრეზიდენტს, ფაქტობრივად აღარანაირი უფლებები აღარ აქვს. ამიტომ იძულებული იყვნენ, ვიღაცისთვის მხარი დაეჭირათ".

ახალგარემონტებული სკოლები და ბაღები სწავლის დაწყების წინ ინგრევა

"ახალგარემონტებულ ბაღებსა თუ სკოლებში ჭერი და კედლები ინგრევა. ბოლო ორი შემთხვევა სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რაღაც 2 კვირით ადრე მოხდა. როგორ და რატომ იგებენ ისეთი კომპანიები ტენდერს, რომლებიც უხარისხოდ ასრულებენ სამუშაოებს და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს? მიზეზი ერთადერთია - სახელმწიფო პოლიტიკა როგორც სატენდერო პირობების მხრივ, ასევე სამუშაოების ზედამხედველობის დროს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ახალგარემონტებული სკოლები და ბაღები სწავლის დაწყების წინ ინგრევა / "კომპანიებს უღირთ საჯარიმო თანხის გადახდა და საქმიანობის გაგრძელება ფასადური მშენებლობით".

"ბოლო შემთხვევა 6 სექტემბერს მოხდა - ლანჩხუთის საბავშვო ბაღში ჭერი ჩამოვარდა - საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ერთი წლის გარემონტებულ ბაღს ისევ რეაბილიტაცია სჭირდება. მანამდე, 3 სექტემბერს კი ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჩამოინგრა ჭერი და სასწავლო პროცესის დაწყებამდე მისი შეკეთება ვერ ესწრება. დირექტორი აღნიშნავს, რომ ერთი წლის წინ სკოლის რეაბილიტაციის დროს შეკიდული ჭერი ისე გაკეთდა, მისი გამაგრება არ მომხდარა... "ახალგაზრდა ადვოკატების" თანადამფუძნებელი არჩილ კაიკაციშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი ფაქტების გახშირება დაუსჯელობის სინდრომიდან მომდინარეობს და ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების უმკაცრესი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩემი აზრით, ამგვარი დარღვევების შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება არ კმარა. სამინისტროებს აქვთ შიდა აუდიტის სამსახურები. მათ უნდა გამიკვლიონ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების საქმიანობა და სამუშაოს შესრულების მიმდინარეობა. რაც შეეხება ჯარიმებს, ხშირად თანხა იმდენად მცირეა, რომ კომპანიას უღირს საჯარიმო თანხის გადახდა და საქმიანობის გაგრძელება ფასადური მშენებლობით. საკითხი შესასწავლია კომპლექსურად და პასუხისმგებლობის ზომები გასამკაცრებელია. დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც გამარჯვებულ კომპანიებს აქვთ, უნდა მოითოკოს მკაცრი სახელმწიფო პოლიტიკით. სხვანაირად ვიტრიალებთ ერთ წრეზე. თანაც არ ვიცით, სხვა დროს გაგვიმართლებს თუ არა ისე, რომ ჩამონგრევას მსხვერპლი არ მოჰყვეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ კაიკაციშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს