ზურაბ ლიპარტია - შარშანდელთან შედარებით, აზიური ფაროსანას რაოდენობა დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირებულია

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას რაოდენობა მაქსიმლურად არის შემცირებული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მწერი გავრცელებული არ არის. როგორც ზურაბ ლიპარტია განმარტავს, თხილის მოსავლის ის ნაწილი, რომელიც დასავლეთ საქართველოში განადგურდა, არა აზიური ფაროსანას, არამედ სოკოვანი დაავადებით არის გამოწვეული, რისი დამადასტურებელი სამეცნიერო დასკვნაც არსებობს.

დასკვნის თანახმად, გურიაში თხილის დიდი ნაწილი სოკოვანი დაავადების შედეგად არის დაზიანებული. კვლევები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტებში ერთობლივად მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ფენოკალენდარული სქემის მიხედვით, მიმდინარე წელს შეწამლული თხილის ბაღებში მოსავლის 84% საღია, ფაროსანათი დაზიანებული - 3%-ია, სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული კი 9%.

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, სამეგრელოს, იმერეთის, გურიის რეგიონებსა და აჭარაში თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით 570 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული. გარდა ამისა, მათივე განმარტებით, მიმდინარე წლის აგვისტოდან დღემდე 50 000 ფერომონი „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდის გამოყენების მიზნით დამონტაჟდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, მცენარეთა დაცვის სპეციალისტები და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები მოსახლეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებთან ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს, სადაც მათ მიეწოდებათ ინფორმაცია მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობასა და იმ მეთოდებზეც, რომლებიც აპრობირებულია სხვა ქვეყნებში.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წელს განხორციელებულ აქტივობებთან და მიღებული შედეგების დეტალებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ ზურაბ ლიპარტიას ესაუბრა.

- წელსაც ისმის ბრალდება, რომ დასავლეთ საქართველოში მოსავალი აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა, რას უპასუხებთ ამას?

- ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ მოსავალი აზიური ფაროსანას მიერ არის დაზიანებული, მგონია, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და უკვე ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ ეს არ მომხდარიყო და მოსავალი არ განადგურებულიყო. რაც შეეხება თხილის მოსავალს, აღნიშნულ კულტურაში აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული დაზიანება 5-7%-ს არ აღემატება. თხილი დააზიანა სოკოვანმა დაავადებებმა. თუ მოსახლეობა საკუთარ ნაკვეთში სწორ ღონისძიებებს არ ჩაატარებს, მომავალ წელსაც და მომდევნო წლებშიც ასეთი მდგომარეობა იქნება. ამიტომ ის ღონისძიებები, რაზეც ჩვენ 2017 წლის ბოლოს რეკომენდაციები გავეცით და თხილის დაცვის სისტემა 230 000 ადამიანს ჩავუდეთ ბუკლეტებს შორის უნდა იქნას გათვალისწინებული. გაზაფხულზე მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელმაც თხილი სპილენძის შემცველი პრეპარატებით შეწამლა, კერძოდ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაწილე ფერმერებმა, კარგი მოსავალი მიიღეს. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მოსავლის მიღება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ქიმიურ წამლობებს იმ ღონისძიებებთან ერთად კომპლექსში ჩავატარებთ, რომელიც ადრე გაზაფხულზე უნდა დავიწყოთ და არა შუა ზაფხულში.

- რაც შეეხება დასკვნას, რომ მოსავლის ის დიდი ნაწილი, რაც შეწამლული იყო, საღია, ხოლო განადგურებულის უმეტესი ნაწილი სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანეს, რას ეფუძნება აღნიშნული დასკვნა და როგორია თქვენი პოზიცია აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით?

- ეს არ არის პოლიტიკოსების განცხადება, ეს არის სპეციალისტების განცხადება. ჩვენ შარშანაც ჩამოვიყვანეთ ეგეოსის უნივერსიტეტის თურქი ექსპერტები, რომელთაც გააკეთეს დასკვნა, წაიღეს ნიმუშები თურქეთში და დასკვნაში მითითებული იყო, რომ ძირითადად, სოკოვანი დაავადებები არის გამომწვევი იმ სიტუაციის, რაც კონკრეტულად დასავლეთ საქართველოში გვაქვს. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ხალხი მხოლოდ და მხოლოდ წამლობაზეა დამოკიდებული და ამას უკავშირებენ თხილის მოსავალს, მაგრამ თხილის სტაბილური მოსავალი რომ მივიღოთ, აუცილებლად ნიადაგი, PH უნდა შევისწავლოთ, უნდა დავარეგულიროთ. უფრო კონკრეტულად, ნიადაგი მჟავე არ უნდა იყოს. ასევე აუცილებელია, დავარეგულიროთ ნიადაგის კვება ანუ როგორი შემადგენლობით არის მაკრო და მიკროელემენტები ნიადაგში. ფერმერთა ნაწილი ამბობს, რომ 14-15 წლის განმავლობაში სტაბილურად იღებდნენ მოსავალს, თუმცა ახლა პრობლემები შეექმნათ. რეალურად, ნიადაგი გამოიფიტა, ამას შესწავლა უნდა, იმ სასუქის გამოყენება უნდა, რომელიც ნიადაგში მაკროელემენტების არსებობას უზრუნველყოფს.

ამასთან, კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც მოსახლეობა უშვებს არის ის, რომ აზოტოვანი სასუქი შეაქვთ ისეთ ნიადაგში, რომელიც კიდევ უფრო უმატებს სიმჟავეს, მჟავე ნიადაგი კი თხილისთვის შესაბამისი არ არის და საბოლოოდ, ის კნინდება. ამიტომ ძალიან მნიშვენლოვანია აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება, ადრე გაზაფხულზე და შემოდგომაზე მცენარის გასხვლა და ამონაყარის გასუფთავება, ნაცროვანი დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება და რაც მთავარია, სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო აქტივობები, რომელიც ადრე გაზაფხულზე უნდა გატარდეს და არა შუა მაისში და შუა ივნისში. აქ აუცილებელია ცოდნა და ვისაც ეს ცოდნა აქვს და ვინც რეგიონებში ეს ინფორმაცია გაავრცელა, თხილის მოსავალიც აქვს.

- რამდენი ხანია, რაც მიმდინარე სეზონზე სახელმწიფო ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებებს ატარებს და რა შედეგი მოიტანა აღნიშნულმა აქტივობებმა?

- ჩვენ აპრილის თვიდან ღონისძიებებს ვახორციელებთ, მაგრამ ეს ღონისძიებები უნდა განხორციელდეს კომპლექსურად და ამაში უნდა ჩაერთოს მოსახლეობა, რაც შეეხება „მოიზიდე და მოკალი“ ტექნოლოგიას, მთელი ეს ღონისძიებები აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს იმის მიხედვით, მწერი რომელ სეზონზე რომელ ფაზაშია. დედამიწაზე არც ერთი ქვეყანა არ არის, სადაც სახელმწიფო ებრძვის ფაროსანას. ფაროსანას ებრძვიან ფერმერები და მოსახლეობა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ განსაკუთრებული რელიეფი გვაქვს და სოფლის მოწყობა არის განსხვავებული, დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთშია მოქცეული კულტურათა უმეტესობა, სახელმწიფომ გადაწყვეტილება მიიღო, დახმრებოდა ფერმერებს და რამდენიმეჯერ შეეწამლა სოფლის ტერიტორიები. მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს საკარმიდამო ნაკვეთში არსებული მცენარეები უნდა შეეწამლა.

ახლა არის ყველაზე გადამწყვეტი მომენტი, როცა ფაროსანა თავს იყრის ეზოებში და ცდილობს, გამოსაზამთრებლად სახლებში შევიდეს.შენობებსა და ეზოებში შესული ფაროსანას განადგურება არის ყველაზე მარტივი. ფერომონთან ერთად, მოსახლეობას რეკომენდაციები მივეცით, ასევე დავურიგეთ სახლსა და ეზოში ჩასატარებელი ღონისძიებების ნუსხა, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ბევრი არ აკეთებს. ფაროსანას ძალიან სწრაფად გამრავლების უნარი აქვს, ათასი ფაროსანა ისე მრავლდება, რომ მისგან ერთი თაობის გავლის შემდეგ 250 000 მწერი წარმოიშვება და ამიტომ ამ ღონისძიებებში თითოეული ადამიანის მონაწილეობა ფასდაუდებელია. ეს უნდა გაიგოს ყველამ.

ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, არის ის, რაც აშშ-ში 16 წლის განმავლობაში დაგროვდა. ფერომონების დამზადებასა და პრეპარატების გამოცდას შეერთებულ შტატებში 7 წელი მოანდომეს, ჩვენ ეს მივიღეთ მზად და ამიტომ 2 წლის განმავლობაში ეს მავნებელი ასე თუ ისე მოვაქციეთ კონტროლის ქვეშ.

ჩვენი მიზანია, რომ ფაროსანას რიცხოვნობა მოსახლეობის დახმარებითა და ჩართულობით ერთად შევამციროთ, გაზაფხულზე გამოვიდეს მწერების ნაკლები რაოდენობა. გარკვეულ პერიოდში აზიური ფაროსანა კონცენტრირდება და თავს იყრის გარკვეულ კულტურებში: სიმინდში, თხილში, ციტრუსებში, ამიტომ სადაც ამ მავნებლის კონცენტრაცია მოხდება, აუცილებელია, ღონისძიებების ჩატარება, რომ მაქსიმალურად განადგურდეს და რიცხოვნობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა, თორემ სახეობის მოსპობა შეუძლებელია, მაგრამ მთავარია, ვაკონტროლოთ და მისგან გამოწვეულ ეკონომიკური ზარალი რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს. თუ მოსახლეობა ამაში არ ჩაერთო, ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა, სახელმწიფო ამას ვერ მოერევა.

როგორც აღმოსავლეთ საქართველოში ატარებენ ღონისძიებებს, მოსახლეობამ ღონისძიებები ასევე უნდა განახორციელოს დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანამ ფეხი იმიტომ არ მოიკიდა, რომ მასშტაბური ღონისძიებები ჩაატარა სახელმწიფომ დასავლეთ საქართველოში და ასევე აღმოსავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურები იწამლება.

- ახლა რა ეტაპზე გადავიდა ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს?

- ახლა დასავლეთ საქართველოს სოფლებში ინტენსიურად მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რომლებიც ძალიან მარტივია და მისი გაკეთება თითოეულ მოსახლეს შეუძლია. გარდა ამისა, ფერომონიანი მოსაზიდის ტექნოლოგიით ვცდილობთ, სოფლის ტერიტორიები შევწამლოთ, რაც ღამის საათებში ხდება. ვტოვებთ შუქს, რომელზეც მოდის ეს მავნებელი და ამ ადგილს მაქსიმალურად ვწამლავთ. მიუხედავად ამისა, მინდა ვთქვა, რომ შარშანდელთან შედარებით, აზიური ფაროსანას რაოდენობა დასავლეთ საქართველოში არის შემცირებული. ახლა მიმდინარე ღონისძიებები დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე გასტანს, სანამ მავნებელი გამოსაზამთრებლად როგორც სახლებში, ისე ტყეებში არ შევა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს