ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

ქუთაისში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და მოქალაქეებმა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობა გააპროტესტეს. მათი თქმით, „არ დაუშვებენ რუსეთუმე კანდიდატი პრეზიდენტი გახდეს“.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ირაკლი გვალიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ქართველებს ადანაშაულებს თანამოქალაქეების გენოციდში.
„ზურაბიშვილი არის სამშობლოს მოღალატე, რუსეთუმე და რუსულ პოლიტიკას ატარებს საქართველოში. ათი ადამიანი რომ დავრჩეთ ამ აზრზე, არ დავუშვებთ მონა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას" , - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მესხიშვილის თეატრის წინ მისულებმა თეატრში შესვლაც სცადეს. მათი თქმით, როგორც მოქალაქეებს შეხვედრაზე დასწრება უნდოდათ, თუმცა ისინი სალომე ზურაბიშვილის მომხრეებმა შენობაში არ შეუშვეს.

























