დავით ბაქრაძე მარნეულში სტუდენტებს შეხვდა

დავით ბაქრაძე მარნეულში სტუდენტებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მარნეულში სტუდენტებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

დავით ბაქრაძემ ახალგაზრდებს პროგრამის ის მთავარი პრიორიტეტიც გააცნო, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის ფონდიდან ყოველწლიურად თანხის 50% უცხოეთში სტუდენტების დაფინანსებას მოხმარდება.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალგაზრდებს შესთავაზა, რომ პირადი ურთიერთობის და საქმიანი შეხვედრების გარდა სოციალური ქსელის საშუალებითაც ეკონტაქტონ და პრობლემები და იდეები მიაწოდონ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, “ბევრი პრობლემაა განათლების სამინისტროსთან მიმართებით“.

„ბევრმა ახალგაზრდამ მარნეულში გადალახა მინიმალური ბარიერი და გვეუბნებიან რომ არ მიიღეს უნივერსიტეტში. მისახედი და გასაკეთებელია ძალიან ბევრი და პრეზიდენტის ვალდებულებაა, დაეხმაროს ახალგაზრდებს ხარისხიანი და უკეთესი განათლების მიღებაში.ხარისხიანი განათლება ნიშნავს მომავლის პერსპექტივას და საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ახალგაზრდებს ექნებათ მომავლის პერსპექტივა. ამიტომ ჩემი როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ-ერთი მთავარი დაპირება და ვალდებულებაა სწორედ ახალგაზრდების დახმარება და მათთვის მეტი პერსპექტივის მიცემით უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.