ფოთში პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

ფოთში პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

ფოთის მუნიციპალიტეტში დღეს პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან“ აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე ჯობავა ადგილობრივ მედიასა და საზოგადოებას რეგიონში დაგეგმილ აქტივობებს გააცნობს. აღნიშნული აქტივობები მოიცავს კონსულტაციებს რეგიონში მოქმედი ბიზნესებისთვის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროდან (კერძოდ - სასტუმროებს, სასტუმრო სახლებს და გასაქირავებელ ბინებს, კვების ობიექტებს, ღვინის მარნებს და სხვა ტურისტული დანიშნულების ობიექტებს). კონსულტაციები დაიწყება 17 სექტემბრიდან. შემდგომი 1 თვის განმავლობაში კონსულტანტები დაინტერესებულ პირებს დაეხმარებიან დაარეგისტრირონ საკუთარი ობიექტები ინტერნეტ-პლატფორმებზე, შექმნან და მართონ კონტენტი და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე.

პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისათვის“ წარმოადგენს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ერთ-ერთ კომპონენტს. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“.