ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი იმართება

12- 14 სექტემბერს ბათუმში, სასტუმროში „შერატონ ბათუმი“ საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2018 (GIMF 2018) იმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პატრონაჟით ტარდება. მას ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მთავარი მიზანია, მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სექტორში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვა, ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა. როგორც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ფორუმი შავ ზღვაზე საქართველოს ლიდერ საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს საზღვაო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაა.
„GIMF2018-ში მონაწილეობას იღებს 53 სახელმწიფოს 400მ-დე დელეგატი. ფორუმის მაღალი რანგის სტუმრებს შორის არიან: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი, კვიპროსის პრეზიდენტის მოადგილე მინისტრი სანაოსნო საკითხებში ნატაშა პილიდესი, ფორუმს ასევე ვიდეოჩართვით მიესალმება ევროკომისარი საზღვაო და თევზჭერის საკითხებში კარმენუ ველა, მონტენეგროს საზღვაო საქმეთა მინისტრი ოსმან ნურკოვიჩი, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი მარია მაგდალენა გრიგორე, საბერძნეთის საზღვაო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დიონისე ტემპონერას, უკრაინის ინფრასტურქტურის მინისტრის მოადგილე იური ლავრენიუკი, საერთაშორისო მობილური სატელიტური ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მოინ აჰმედი, ნავთობით დაბინძურების საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის დირექტორი ჟოზე მაურა, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მარკუ მილი, სინგაპურის საზღვაო და პორტების ხელისუფლების თავმჯდომარე ენდრიუ ტანი, უმსხვილესი გემების მენეჯმენტის კომპანია „კოლუმბია შიფმენეჯმენტის“ პრეზიდენტი მარკ ო’ნილი, გემთმფლობელი კომპანია „ქვინსვერი ნავიგეიშენის“ დამფუძნებელი და მფლობელი ვასილიოს ტერზის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტრანსპორტის დირექტორი სიუ ბარეტი, სუამის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი, ბისეკის გენერალური მდივანი მაიკლ კრისტიდესი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის იურიდიული და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს დირექტორი ფრედერიკ კინი, ოკეანის კონსერვაციის ორგანიზაციის დირექტორი მაიკლ სტოკერი, შანხაის საზღვაო უნივერსიტეტის რექტორი იონგქსინგ ჯინგ, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და სხვ.
ფორუმის მთავარ დღეს განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის გამოწვევები საზღვაო სექტორში დაგეგმილი იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც 2020 წლიდან განხორციელდება. განსაკუთრებით ხაზი გაესმება გემებიდან გარემოს დაბინძურების ფაქტორს და მის ეფექტურ შემცირებას, მდგრადი განვითარება - საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის როლი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობის მაგალითზე (EBRD), ლურჯი ზრდის საზღვაო კლასტერების და ძირითადი პროექტების როლი საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ ფორუმის დღის წესრიგი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, საქართველოს მაგალითზე გაეცნოს რეფორმების მნიშვნელობას საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დასანერგად, ასევე ამ რეფორმების გავლენას ინდუსტრიის განვითარებაზე. ფორუმზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა, საქართველოსთვის ინტერმოდალური გადაზიდვების ხელშეწყობას, ასევე განიხილება ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება და ზოგადად საქართველოს საპორტო სექტორის პოტენციალი. ფორუმზე გაჟღერდება საქართველოს მთავრობის ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივები, როგორებიცაა: საპორტო სექტორის მომსახურებების დიჯიტალიზაცია, ერთი ფანჯრის პრინციპი და საქართველოს საზღვაო დროშის განვითარების პერსპექტივები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საზღვაო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან კიტაკ ლიმთან, „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ პრეზიდენტთან მარკ ონეილთან, კვიპროსის რესპუბლიკის ნაოსნობის მინისტრთან ნატაშა პილიდესთან, სინგაპურის საზღვაო და საპორტო ხელისუფლების მთავარი აღმასრულებელ დირექტორთან - ენდრიუ ტანთან და მონტენეგროს ტრანსპორტის მინისტრთან ოსმან ნურკოვიჩთან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია პარალელურ ღონისძიებებს მართავს, მათ შორისაა:
IMO-GEF-UNDP-ის ერთობლივი პროექტის „გლობალური საზღვაო ენერგო ეფექტურობის ურთიერთთანამშრომლობის“ (GloMEEP) ეროვნული ვორქშოპი ნავსადგურების გამონაბოლქვსა და ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებით IOPC-IMO – რეგიონალური ვორქშოპი – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამოქალაქო პასუხისმგებლობის კონვენციების შესახებ ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) რიგით მეორე სადამკვირვებლო კომიტეტის შეხვედრა შავი და კასპიის ზღვების პროექტის ფარგლებში ხმელთაშუაზღვის ურთიერთგაგების მემორანდუმის ნავსადგურის სახელმწიფო სახელმწიფო კონტროლის სახელმწიფოთაშორისი კომიტეტის შეხვედრა შავ ზღვაზე მცირე ზომის საკრუიზო ბიზნესში ინვესტირება ფორუმის ფარგლებში ხელი ეწერება მეზღვაურთა დასაქმების მიზნით, მეზღვაურთა სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების მემორანდუმებს გერმანიასთან და ხორვატიასთან.
ფორუმზე ასევე ხელი ეწერება შანხაისა და ბათუმის საზღვაო აკადემიებს შორის თანამშრომლობის დაწყებაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საშუალებას იძლევა სამომავლოდ სტუდენტთა ურთიერთგაცვლას და ტრენერ-პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
ფორუმზე ხელი ეწერება გაეროს ქალთა პროგრამას, ქალთა სავაჭრო და სანაოსნო ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობასა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შორის სანაოსნო სექტორში ქალთა დასაქმების წახალისების შესახებ, რომელიც პირველ ეტაპზე ითვალისწინებს 50 ქალის გადამზადებას პროფესიული პროგრამების კუთხით, მათი სამომავლო დასაქმების პერსპექტივით სანაოსნო სექტორში.
საქართველო და უკრაინა ასევე ხელს მოაწერენ განზრახულობათა ოქმს ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემების მონაცემთა გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, რომელიც შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების, უშიშროების და გარემოს დაცვის თვალსაზრისით შექმნის თანამშრომლობის წარმატებულ პრეცედენტს.
ფორუმის ბოლოს მიღებულ იქნება ბათუმის დეკლარაცია, რომელიც საქართველოს საზღვაო დარგის მიმართ დამოკიდებულების ხედვას ასახავს - როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში.

























