მურთაზ ზოდელავა ზუგდიდში ყოფილ მაღალჩინოსნებს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს

მურთაზ ზოდელავა ზუგდიდში ყოფილ მაღალჩინოსნებს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა ზუგდიდში ყოფილ მაღალჩინოსნებს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს.

მისივე ინფორმაციით, არსებობს აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ბიზნესმენი ადგილობრივ ჩინოვნიკებს ესაუბრება და მათთვის ქრთამის სახით გადახდილი ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს.

„ქართული ოცნება“ გადაიქცა ჩვეულებრივ ბანდიტურ დაჯგუფებად, რომლის მიზანია რაც შეიძლება მეტი წაიღოს. არც ერთი პრობლემა, რომელიც ზუგდიდში არსებობს, მათ არ აწუხებთ. ამას უკვე ვერც მალავენ. ტოტალურმა კორუფციამ მოიცვა სამეგრელო. დაახლოებით, სამი ოთხი კვირაა ყოველი მეორე ადამიანი, რომელსაც გამგეობასთან რაიმე შემხებლობა აქვს, საუბრობს ამ ჩანაწერებზე. სულ იმაზეა საუბარი, რომ ვიღაცამ ვიღაცა ჩაწერა, რომ ეს ჩანაწერი სუს-ში მიიტანეს. აქ საუბარია იმაზე, რომ ერთ-ერთი ბიზნესმენი სთხოვს მათ უკან გადახდილ ქრთამს. ამ ჩანაწერში ნახსენებია, როგორც ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია, მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა. თითქმის ყველა ჩინოვნიკი ჩართულია კორუფციულ ამბებში. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. მხოლოდ გადადგომა აქ არაფერს არ შეცვლის. ხალხი მათ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. ჩვენც მოვითხოვთ, რომ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები და მოხდეს ამ ხალხის დაპატიმრება, იმიტომ, რომ შეუძლებელია გაღარიბებულ რეგიონში ვიღაცა მდიდრდებოდეს მოსახლეობის ხარჯზე“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, თანამდებობის დატოვებს შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გუშინ, გვიან ღამით დაწერა. რაც შეეხება მის მოადგილეს გია გულორდავას, მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.