ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის მოსახლეობა გზებზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის მოსახლეობა გზებზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს

ქუთაისში მოსახლეობა გზებზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, რამდენიმე თვეა დაზიანებულია გზის საფარი, რის გამოც გზაზე, როგორც ავტომობილებით, ასევე ფეხით გადაადგილება უჭირთ.

მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა პარტია „თავისუფალი საქართველო". პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ხელისუფლება სამუშაოების არასწორად შესრულებაში დაადანაშაულა.

„ჭიღვარიამ გააგრძელა მურღულიას ხელობა, არაფერი შეუცვლია თუ არ გააუარესა. მთელი ქალაქი გადათხრილია, ტურისტულმა სეზონმა ამ მდგომარეობაში გაიარა. რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე თვეა დაიწყო სამუშაოები და ვერ დასრულდა. წყალქცევაა და არავინ ინტერესდება თურქული კომპანიის მუშაობით. მივმართავ ჭიღვარიას, რა გეპოზიორება და რა მხატვრობა მოგინდა, ქალაქი თავზე გექცევა, დაანებე პოზიორობას თავი და ქალაქს მიხედე, თორემ მურღულიას გაყინული თევზი მივუყვანე და შენ ცოცხალს მოგიყვან ", -განაცხადა გოგი წულაიამ.

რუსთაველის ქუჩაზე სამუშაოები ორი თვის წინ დაიწყო. წყალგაყვანილობის სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი კომპანია "SMK' ასრულებს. მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიას ვადებში დარღვევები უფიქსირდება, რის გამოც არაერთხელ დაჯარიმდა.