ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიხსნა

ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს “Georgia International Maritime Forum 2018” მასპინძლობს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა გახსნეს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საზღვაო ეკონომიკის მნიშვნელობასა და როლს ქვეყნის განვითარების საქმეში, ასევე მიმოიხილა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ინიციატივები, რასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს და ახორციელებს საზღვაო სფეროს განვითარების ხელშეწყობისათვის.

„ჩვენ, აჭარის ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ ინიციატივაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მიეცეს უკვე მომავალი წლიდან იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავებული არიან საზღვაო ბიზნესით და სერვისის მიწოდებით ამ სექტორში დასაქმებული და მომუშავე კომპანიებისთვის. საზღვაო სექტორში კომპანიები შეძლებენ ნულოვან საგადასახადო რეჟიმში იმუშაონ, მათ ექნებათ წვდომა უნიკალურ ელექტრონულ სერვისებზე, ისინი შეძლებენ რეკრუტირებას კომფორტულ გარემოში, ამავე დროს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოხდება სრულად საერთაშორისო სტანდარტებთან“ , - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მაღალი რანგის სტუმრებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის, როგორც საქართველოში საზღვაო ცენტრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარიდან დასაქმებულ 11 000-ზე მეტ მეზღვაურს ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

მისი განცხადებით, აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს საზღვაო აკადემიისა და საზღვაო მიმართულებით სხვა პროფესიული სასწავლებლებისთვის საჭირო მხარდაჭერას, რაც გამოიხატება სატრენინგო პროგრამების და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის დაფინანსებაში.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ხარისხზე და აღნიშნა, რომ უმაღლესი ხარისხის საზღვაო განათლების ხელმისაწვდომობა, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

”ჩვენი რეგიონის მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზღვაო გადაზიდვებსა და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების მხარდაჭერას საზღვაო ტრანსპორტის სექტორში“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

რიგით მე-2 საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო საზღვაო სფეროსა გავლენიანი პირები და 53-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე მაღალი დონის სტუმარი ესწრება.

აღსანიშნავია, რომ ფორუმი ორი დღის მანძილზე გაგრძელდება და მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სფეროში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვას, ახალი ინიციატივებისა და მათი განხორციელების გზებს დაეთმობა.

ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმისა და შანხაის საზღვაო აკადემიებს შორის, ასევე სხვა შეთანხმებებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა