რუსთავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ქვემო ქართლში მოქმედი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც ,,სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაურ ხალილოვმა განაცხადა, შეხვედრა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ, ხელი შეუწყოს გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობას რეგიონულ დონეზე.
შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და რუსთავის თვითმმართველობასთან ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.
როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობა, მზად არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ახალგაზრდული პროექტები გრანტის მოძიების შემთხვევაში თანადაფინანსების პრინციპით დააფინანსოს, ამისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში გარკვეული თანხა უკვე გაწერილია.

























