საერთაშორისო კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ზესტაფონი შეუერთდა

საერთაშორისო კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ზესტაფონი შეუერთდა

საერთაშორისო კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ზესტაფონი შეუერთდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ზესტაფონის მერიის მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს, მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები- საქართველო“; გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ზესტაფონის სერვისცენტრის თანამშრომლებმა, საჯარო და ხელოვნების სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებმა, ასევე N 7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისაგან შემდგარმა მოხალისეთა ჯგუფმა.

მუნიციპალიტეტის ცნობით,დასუფთავდა და ნარჩენებისგან გაიწმინდა ოთხი ძირითადი ლოკაცია: კვალითის დასახლება-ჩიკაშუას ქუჩა; სოფელ ცხრაწყაროს ღია თეატრონის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სახალხო დღესასწაული „ვარინკობა“ იმართება; სოფელ ქვედა საქარის საგზაო მაგისტრალი და „სამცვერას“ ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია.

„მუნიციპალიტეტში უკვე ტრადიციად გვაქვს ქცეული, რომ ყოველი თვის ერთი შაბათი დასუფთავებას მივუძღვნათ. მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიო დასუფთავების დღე აღინიშნება და ჩვენი აქტივობაც გაორმაგებულია. ქალაქის დასუფთავების სამსახურისა და სხვა ორგანიზაციების დახმარებით, შედარებით მიუვალი ადგილები დავასუფთავეთ. სასიხარულო და მისაბაძია ახალგაზრდების ჩართულობა ამ კარგ საქმეში. მადლობას ვუხდი მათ და აქციის ყველა მონაწილეს,“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.

აქციას, დასუფთავებისათვის საჭირო ატრიბუტები, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველომ“ და მისმა წარმომადგენელმა, მალხაზ პირველაშვილმა გადასცა.