"ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას და მერიის სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომას ითხოვენ. ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდში კორუფციული სქემის შესახებ იცოდა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და საკრებულოს უმრავლესობამ.
"არაერთი განცხადება გაგვიკეთებია ზუგდიდის ყოფილი მერის, ვიცე-მერის და ყოფილი გუბერნატორის კორუფციული გარიგებების შესახებ. ვთვლით, რომ ბიზნესმენ კვირკვიას საქმე არ არის ერთადერთი საქმე, რაშიც ისინი მონაწილეობდნენ და არსებობს მთელი რიგი გახმაურებული საქმეები, რაზეც შეტანილი გვაქვს განცხადებები სუს-ში და პროკურატურაში. ეს საკითხებია "ატკატები", ტენდერები, აუქციონები, ფილების საქმე, ზუგდიდის ბაზრის, ყინულის სახლის და სხვა. პასუხი უნდა აგონ არამხოლოდ ყოფილმა მერმა და ვიცე-მერმა, არამედ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ. სწორედ წოწერია და საკრებულოს უმრავლესობა იყო ის ორგანო, რომელიც მერის ყველა გადაწყვეტილებას უპირობოდ უჭერდა მხარს. ვთვლით, რომ ყველა ეს კორუფციული სქემა ამ საკრებულომ გაიარა. უმრავლესობის წევრებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე, მერიის ყველა სამსახურის და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი“, - აცხადებს ანა წითლიძე.
თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განმარტებით, საკრებულომ ყველა საკითხზე გადაწყვეტილება მათი საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ მიიღო.
„პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ საკრებულოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არის კანონის ფარგლებში“, - განაცხადა წოწერიამ.

























