აბაშაში დასუფთავების აქცია გაიმართა

აბაშაში დასუფთავების აქცია გაიმართა

კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“ აბაშის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დასუფთავების აქციაში მერიის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. ასევე, აქციაში ჩაერთნენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, პედაგოგები, მედიკოსები, ადგილობრივი მოსახლეობა.

აქციის ფარგლებში, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მყარი ნარჩენებისაგან დასუფთავდა 25 ლოკაციაზე მეტი: ქალაქის შემოსასვლელები, რკინიგზის, ბაზრის, ბაღების, სკოლების, საავადმყოფოს, ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიები, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აბაშის მონაკვეთი.

დასუფთავების აქციას შეუერთდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მან მადლობა გადაუხადა „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველოს“ კამპანიის მონაწილეებს აქტიურობისათვის და ამ დღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სუფთა გარემოში ცხოვრება ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარია, რაც მთავარია, ჩვენი კულტურის დონის მაჩვენებელია. ნუ დავყრით ნაგავს ქუჩაში, გავუფრთხილდეთ გარემოს, დედამიწას, ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელი მომავლისათვის“, - განაცხადა ლევან მაკალათიამ.