,,რუსთავქალაქობა 2018-ის“ პირველი საპატიო რუსთაველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გახდა

,,რუსთავქალაქობა 2018-ის“ პირველი საპატიო რუსთაველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გახდა

საპატიო რუსთაველის სპეციალური სიგელი და საჩუქარი კომპოზიტორ გია ყანჩელს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავისპროფესიულ-დრამატული თეატრის სცენაზე გადასცა, სადაც ქალაქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნიკოლოზ რაჭველისა და საქართველოს სიმფონიური ორკესტრის კონცერტი მიმდინარეობდა.

ქალაქის 70 წლისთავის აღსანიშნავ კონცერტზე, ნიკა რაჭველმა და საქართველოს სახელმწიფო სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძის საორკესტრო კომპოზიციები, ქართული კინო-მუსიკის ლეგენდად ქცეული - ,,დანელიადად“ წოდებული შედევრები შეასრულეს გიორგი დანელიას ფილმებიდან. კონცერტში მონაწილეობას მომღერალი ნატო მეტონიძეც ღებულობდა, რომელმაც გია ყანჩელის ორი ნაწარმოები შეასრულა.

,,მე არ ვიცოდი, რომ საპატიო რუსთაველის წოდებას მომანიჭებდნენ. მე გახლავართ რუსთაველის პრემიის ლაურიატი, რომელიც მომანიჭეს რობერტ სტურუას სპექტაკლ ,,რიჩარდ მესამესთვის“ დაწერილი მუსიკისთვის. დღეს კიდევ მომანიჭეს ქალაქ რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება და ძალიან მოხარული ვარ. კონცერტის ბოლოს გამოვედი ჩემი სურვილით, მე იმედი მაქვს, რომ ეს სურვილი შესრულდება. სურვილი გამოიხატება შემდეგში, რომ ჩვენი სახელმწიფო სიმფონიური ჩამოვიდეს რუსთავში და რუსთავის საზოგადოებას მისცეს საშუალება მოისმინონ ან ბახის ან ბეთხოვენის ან მოცარტის ნაწარმოებები, ხანდახან ქართველი კომპოზიტორების მუსიკა. იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება“, - განაცხადა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა.

რუსთავის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რიგითი რუსთაველები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

,,რუსთავი აღნიშნავს ლამაზ საიუბილეო თარიღს მოწესრიგებულად, მზადყოფნაში. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიებაა დაგეგმილი და ძალიან კარგად ჩაივლის მთელი ეს ერთი კვირა. ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ რუსთავი არის გული სიყვარულით გამთბარი და ყველაზე მთავარია, რომ ამ გულის შემადგენელი არის თითოეული რუსთაველი. რუსთაველებს ვულოცავ ქალაქის იუბილეს, ბედნიერებას და საუკეთესოს ვუსურვებ“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

,,რუსათავქალაქობა 2018“ 15 სექტემბერს გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს ქალაქის დღესასწაულს 16.00. საათიდან თოდრიას სახელობის ქუჩა, ,,ფერების ფესტივალით“, ელექტრონული მუსიკით და უამრავი სიურპრიზით უმასპინძლებს.