ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2018

სანდრო თვალჭრელიძე - "დღეს მეჯლისს მთავრობა კი არა, გავლენიანი დაჯგუფებები მართავენ"

პატრიარქი დაითანხმეს, ხელისუფლებამ მარიხუანას მოყვანაზე ბრძოლის ეს ეტაპი მოიგო

რუსეთი თბილისში ლუგარის ლაბორატორიის თემით სკრიპალების მოწამვლის გადაფარვას ცდილობს

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - "დღეს მეჯლისს მთავრობა კი არა, გავლენიანი დაჯგუფებები მართავენ"

"რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი. ის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატიც მხოლოდ ქაღალდზეა. მოგეხსენებათ, წინა საპარლამენტო არჩევნებზე მას მთაწმინდის ოლქში მმართველმა ძალამ არავინ დაუპირისპირა და ისიც ვითომ დამოუკიდებელ დეპუტატად შევიდა პარლამენტში, მაგრამ იქცეოდა "ქართული ოცნების" გულმხურვალე წევრივით. რაღა დაგიმალოთ და, არ მესმის "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების მოტივი და მიმაჩნია, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა არის მმართველი ძალის ტრაგიკული შეცდომა, რადგან მარტო ის გამონათქვამები, რასაც ამ ქალბატონისგან ვისმენთ, ყოვლად მიუღებელია და აზარალებს როგორც მმართველ ძალას, ისე _ ქვეყანას. ამიტომაც სულაც არა მგონია, რომ რადგან "ქართული ოცნება" უჭერს მხარს, მას გამარჯვება გარანტირებული აქვს", - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დღეს მეჯლისს მთავრობა კი არა, გავლენიანი დაჯგუფებები მართავენ" / "მაშფოთებს, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, რა შეიძლება გააკეთოს და როგორ შეიძლება დაიწყოს რუსეთთან არშიყი" / "მარიხუანის თემა არის კარგად გათვლილი ბიზნესგეგმა, რომელიც მიმართულია გარკვეული ჯგუფის ბიზნესინტერესებისა და არა - სახელმწიფოს ინტერესების სასიკეთოდ".

"რატომ ვერ მოახერხა "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი კანდიდატის წამოყენება, არ ვიცი. ალბათ, მიზეზი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსწონს სალომე ზურაბიშვილი. რატომ მოსწონს? წარმოდგენა არ მაქვს. შეიძლება აქ რაღაც ფრანგული ინტერესებიც მოქმედებდეს. მოგეხსენებათ, ბატონი ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეც არის და ამ მიმართულებით შეიძლება რაღაც ხდებოდეს - ქალბატონ სალომეს გავლენიანი ნაცნობობა ჰყავს საფრანგეთში... აქვე ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე გიორგი მარგველაშვილიც ძალიან მოსწონდა, ეგონა, დამყოლი და ადვილად სამართავი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ვფიქრობ, თუ ზურაბიშვილი მაინც გახდება პრეზიდენტი, ივანიშვილი მალე ისევ იმედგაცრუებული დარჩება. ზურაბიშვილი მარტივი და ადვილად დასამორჩილებელი ფიგურა არ გახლავთ. გაგახსენებთ, როდესაც წლების წინ ზურაბიშვილი, ყველასთვის მოულოდნელად, დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, ის მიხეილ სააკაშვილმაც კი ვერ მართა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

"დავიწყებ იმით, რომ მინდა პრეზიდენტი, რომელსაც ექნება ქართული მენტალიტეტი. ქალბატონი სალომე მენტალობით არ გახლავთ ქართველი. ის ფრანგია, იქ აქვს გატარებული ცხოვრების დიდი ნაწილი, მიღებული აქვს ფრანგული აღზრდა, წლების განმავლობაში იყო საფრანგეთის სახელმწიფოს სამსახურში, მისი გამონათქვამები კი, ჩემი აზრით, ღალატის ტოლფასია. როგორც ვიცი, რუსეთის ხელისუფლებამ უკვე გამოიყენა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იმის თაობაზე, რომ 2008 წელს ომი თურმე ჩვენ დავიწყეთ და საკუთარ მოსახლეობას ვბომბავდით. ეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას ჰგავს. თუ ის პრეზიდენტი გახდება, ეს უფრო სახიფათო იქნება. ამ შემთხვევაში რუსეთთან წამოწყებულ საერთაშორისო სასამართლო პროცესებში ძალიან უკან დავიხევთ და შეიძლება დავმარცხდეთ კიდეც... არა მგონია, "ქართულ ოცნებაში" ძალიან მოსწონდეთ მისი ეს გამონათქვამები. საერთოდ, მმართველ ძალაში სალომე ზურაბიშვილისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ბევრს ის სულაც არ მოსწონს, უბრალოდ, წინ ვერ აღუდგნენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ასე მგონია, ეს აზრთა სხვადასხვაობა ახლო მომავალში შეიძლება `ქართული ოცნების~ დაშლის საბაბიც კი გახდეს... სიმართლე გითხრათ, მაშფოთებს, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, რა შეიძლება გააკეთოს და როგორ შეიძლება დაიწყოს რუსეთთან არშიყი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ვიმეორებ, "ქართულმა ოცნებამ" მხარდაჭერისთვის ყველაზე უარესი კანდიდატი შეარჩია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"საკანონმდებლო ინიციატივა მარიხუანასთან დაკავშირებით ეს არის სრული ნონსენსი. იმ დროს, როდესაც მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც მარიხუანის მოხმარება დაშვებულია, როდესაც თითქმის ყველგან მძაფრდება ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენ ასეთ გამაოგნებელ ნაბიჯებს ვდგამთ! რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ შეიძლებოდა ამის გაკეთება საქართველოში, სადაც ასეთი მაღალია ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა, მით უფრო _ ახალგაზრდებს შორის! ამ ვითარებაში მისი ლეგალიზაცია საქართველოს ახალგაზრდობის, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია! კანაფის მოყვანის, მისი ექსპორტისა და ასე "ქვეყნის აშენების" იდეა ხომ საერთოდ გამაოგნებელია! ეკონომიკურად ავყვავდებით თურმე! ვინ და როგორ დაასკვნა ეს, რა გათვლებით? საერთოდ, ვინმე რამეს თვლის ამ ქვეყანაში?! დილეტანტების დონეზეა ყველაფერი! კი, ბატონო, კანაფის მოყვანით გამდიდრდება ერთი ან ორი კაცი და ქვეყანა რას მიიღებს ამით?! მე და თქვენ რაში გამოგვადგება ეს?! მაინც რამდენი ადამიანი შეიძლება დაასაქმოს ამ ბიზნესმა?!" - ამბობს ექსპერტი.

"გადავხედოთ, როგორ ვითარდებოდა დღემდე პროცესები: "გირჩის" აქტიურობა, პირდაპირ ეთერში კანაფის დათესვა და მოყვანა ისე, რომ სამართალდამცავებს ეძინათ, ღამის კლუბების დარბევა, მერე მიტინგები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება... აშკარად გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი ერთი ხელით იმართებოდა. მარიხუანის თემა არის კარგად გათვლილი ბიზნესგეგმა, რომელიც მიმართულია გარკვეული ჯგუფის ბიზნესინტერესებისა და არა სახელმწიფოს ინტერესების სასიკეთოდ. იცოცხლე, ბიზნესგეგმას კარგად წერენ და ახორციელებენ სტრატეგიის თუ ტაქტიკის მიმართულებით, მაგრამ ეს სახელმწიფოსთვის არაფრის მომცემია. ხელისუფლება ბიზნესგეგმის შემუშავებაზე კი არა, ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდეს! ვინმემ იცის ხელისუფლებაში, რომ სახელმწიფოს ეს სჭირდება?! ხომ ნახეთ, ანაკლიაში, ფესტივალზე, წელს თუ შარშან რა მოხდა?! ადამიანები დაიღუპნენ... უამრავი მოხვდა საავადმყოფოში... მაგრამ რა? ამით ვინმე სწავლობს ჭკუას?! ახალგაზრდებში მაინც კაიბიჭობის, განსაკუთრებულობის ნიშანია ნარკოტიკის მოხმარება, რასაც ახლა სახელმწიფოც აქეზებს. ეს ძალიან ცუდია! საკუთარი ხელით ვუსპობთ ჩვენს ერს მომავალს!" - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

"მაშფოთებს "ომეგა ჯგუფისა" და "იბერიის" გარშემო შექმნილი ვითარება. თუ გავრცელებული ჩანაწერები ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის მონაწილეობით ავთენტურია, მართლაც ძალიან დამაფიქრებელ და მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ისე, დასადგენია, ვინ იყო ასეთი საუბრის დაწყების ინიციატორი და ვინ ვინ ჩაწერა. კატეგორიულად მიუღებელია, თუ რომელიმე მსხვილი ბიზნესმენი მედიასაშუალებას ხელისუფლების შანტაჟისთვის იყენებს და სახელმწიფოსგან ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის. თუმცა არანაკლებ მიუღებელია, თუ რომელიმე ჩინოსანი ან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ბიზნესმენს უკანონო გარიგებას სთავაზობს და მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობს. არა მგონია, "იბერია" ისეთი გავლენის ტელევიზია იყოს, რომ მის წინააღმდეგ ხელისუფლება მოქმედებდეს. აქ უფრო სხვა რამესთან გვაქვს საქმე. შეიძლება ეს უკავშირდებოდეს ვიღაცის ინტერესებს თამბაქოს ბიზნესში, შესაძლოა, სხვა რამ იყოს... ერთი ცხადია - ამ პროცესში ისევ აშკარად ჩანს ქურდული გარჩევის ნიშნები და ისიც, რომ ჩინოსანთა ძალიან მაღალ დონეზე კორუფციული გარიგებების მცდელობასთან გვაქვს საქმე", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"ჩვენში ბევრი საქმის ჩრდილში მოგვარებას უფრო ცდილობს, ვიდრე კანონის მიხედვით მოქმედებას. ეს აყალიბებს კიდეც ჩრდილოვან არეს. ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ თავის დროზე ეს ჩრდილოვანი არე შეიქმნა "ქართული ოცნების" წიაღში, ანუ გაჩნდნენ ადამიანები, რომელთაც თანამდებობა არ ეჭირათ, მაგრამ გაცილებით უფრო გავლენიანი იყვნენ და დღესაც არიან, ვიდრე მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები. ეს შეიძლება სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ მასშტაბს გააჩნია. ჩვენთან ეს მასშტაბი მეტისმეტად დიდია და ამით გაჟღენთილია ყველა სახელისუფლებო შტო, მათ შორის - სასამართლოც. განსაკუთრებით შემაშფოთებელი კი ამ ჩრდილოვანი გავლენის მქონე ჯგუფებისადმი მართლმსაჯულების დამოკიდებულებაა. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი სახელმწიფოს განვითარებას აფერხებს. მიმდინარე პროცესები ერთიან მოცემულობად უნდა დავინახოთ - შეხედეთ, მარიხუანის შემთხვევაში ბიზნესინტერესები სახელმწიფოს ინტერესებსა და პატრიოტიზმზე მაღლა არ დადგა?! ან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა პირადი ინტერესების შესაბამისად არ გადაწყდა? რატომ არ გამოიძიეს დღემდე "ხორავას საქმე" ისე, რომ კითხვა არავის დარჩენოდა?! აქაც ხომ ვიღაცის პირადმა ინტერესებმა აჯობა სახელმწიფოს ინტერესებს! ვის სჭირდება დღეს მიტინგები რუსთაველზე ან გორში? რას ფიქრობს ხელისუფლება? მას სჭირდება ეს?!" - აცხადებს თვალჭრელიძე.

"ქვეყანაში სამართლიანობის განცდა არ არსებობს, სამწუხაროდ, ქვეყანაში კანონი კი არა, პრეცედენტები და ინტერესები მეფობს. ზუსტად ეს არის დამახასიათებელი ისეთი საზოგადოებისთვის, სადაც მეჯლისს მთავრობა კი არ მართავს, არამედ - გავლენიანი დაჯგუფებები. სიმართლე უნდა ითქვას - ეს ჩრდილოვანი გავლენა ახლა არ ჩამოყალიბებულა. 2000 წელს ამგვარი ჯგუფების კლასიფიკაციაც კი მოვახდინე. ეს არის დამახასიათებელი პოსტსაბჭოთა საზოგადოებებისთვის და მოდის გვიანდელი კომუნიზმის ეპოქიდან, როცა შეიქმნა შავი ბაზარი და მთელი ეკონომიკა იქ გადავიდა. ამის შეცვლას სჭირდება თაობების შეცვლა. ვიდრე ხალხი არ მიხვდება, რომ კანონის უზენაესობა მისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ასეთი ჩრდილოვანი გარიგებები, არაფერი შეიცვლება. მოკლედ, ეს სისტემა დიდი ხანია, მოქმედებს, ოღონდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს გავლენები სხვა ადამიანებზე ნაწილდებოდა, თუმცა თუ პოლიტიკური ნება იქნება, ამასთან ბრძოლაც შეიძლება და გამარჯვებაც. თუ ეს სისტემა მთლიანად არ მოიშალა, თუ სახელმწიფო ჩინოსანმა ინტერესთა ჯგუფების ნაცვლად სახელმწიფოსთვის არ დაიწყო მუშაობა, ჩვენ სიღარიბეს ვერასდროს დავძლევთ!" - დასძენს ექსპერტი.

პატრიარქი დაითანხმეს, ხელისუფლებამ მარიხუანას მოყვანაზე ბრძოლის ეს ეტაპი მოიგო

"კანაფის ბიზნესის ლეგალიზაციის წინააღმდეგ დარაზმულ სამღვდელოებას პატრიარქის ქადაგების შემდეგ საპროტესტო თემა გამოეცალა და აქციებიც შეწყდა. ილია II-მ საკვირაო ქადაგებაზე ერთგვარად ცივი წყალი გადაასხა კანაფის კულტივაციის წინააღმდეგ აღშფოთებულ სასულიერო პირებსა და მრევლს, რომლებიც ელოდნენ, რომ პატრიარქი ქადაგებისას დაგმობდა ხელისუფლების ინიციატივას და მათთან ერთად მკაფიოდ შეეწინააღმდეგებოდა "საქართველოს ბარიგების ქვეყნად" გადაქცევის გეგმას. პატრიარქის გუშინდელი განცხადება კი გაცილებით ლოიალური აღმოჩნდა. იგი, პრაქტიკულად, დაეთანხმა კანაფის კულტივირების გეგმას მხოლოდ ერთი დათქმით, რომ ეს საქმე სახელმწიფოს მონოპოლია იყოს და არა კერძო ბიზნესი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პატრიარქი დაითანხმეს, ხელისუფლებამ მარიხუანას მოყვანაზე ბრძოლის ეს ეტაპი მოიგო.

"ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ხელისუფლებამ ეკლესიასთან ბრძოლა მოიგო კანონს აუცილებლად მიიღებენ, თუმცა პატრიარქისგან წამოსული კეთილგანწყობის საპასუხოდ გარკვეულ დათმობაზე წასვლაც მოუწია - კანონპროექტის ნაწილი, რომელიც კულტივაცია-ექსპორტს ეხება, დროებით გადაიდო და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რა ფორმით მოხდეს კანაფის მოყვანა, ამაზე ეკლესიის აზრს გაითვალისწინებენ. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია მიიჩნევს, რომ პატრიარქთან გარიგება მოხდა და ამჯერად ხელისუფლებამ ეს რაუნდი მოიგო - მთავრობა კანაფის კულტივაციის კანონს გაიტანს. "როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ეკლესიის ოპოზიცია იყო პრობლემა და ამას აგვარებს, პარტიაში შიგნით კი პრობლემა არ ექნება. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ეს რაუნდი მოუგო ეკლესიას და არა მარტო ეკლესიას. აშკარაა, რომ ხელისუფლება ძალიან დარწმუნებულია თავის ძალებში, რადგანაც, ზოგადად, არჩევნების წინ ყველა ხელისუფლება ერიდება პოლიტიკურად სარისკო გადაწყვეტილებებს, ამ შემთხვევაში კი "ოცნება" არ მოერიდა და არც უკან იხევს. განხილვის გადადება თავისთავად უკან დახევას არ ნიშნავს. შეიძლება ვთქვათ, რომ მცირე დოზით უკან დაიხია ხელისუფლებამ, კანონპროექტის განხილვა გადადო, მაგრამ პატრიარქის სახით ეკლესიამ უფრო მეტად დაიხია უკან", - აცხადებს ნოდია. კანაფის კულტივაცია-ექსპორტის ნებართვაზე კანონპროექტის არსებობა გასული კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი და მას შემდეგ ვნებათაღელვა არ ცხრებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეკლესიიდან ისმის მუქარანარევი განცხადებები, რომ ეკლესია ხელისუფლებას ძალას აჩვენებს და საქართველოს "ბარიგების ქვეყნად" გადაქცევას არ დაუშვებენ. დაანონსდა აქციები. შაბათს თბილისის საკრებულოს წინ სასულიერო პირებმა საპროტესტო აქციის სახით პარაკლისიც გადაიხადეს. როგორც დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, "მარიხუანას ლეგალური კულტივაცია დამღუპველია ჩვენი ერისთვის და ამას ეკლესია არ შეეგუება". მან მრევლს მოუწოდა კიდეც, კვირას სამების ტაძარში პატრიარქის ქადაგებას დასწრებოდნენ. დეკანოზის თქმით, "პატრიარქის პოზიციაა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი არ შეიძლება მიიღონ და ამის თაობაზე იგი კვირას ქადაგებაში იტყვის". თუმცა კვირას ილია II-ის ქადაგება მრევლის ნაწილისთვის მოულოდნელი და დამაბნეველი აღმოჩნდა - საკვირაო ქადაგებაზე ილია II-ის მთავარი გზავნილი იყო, რომ მარტო ეკლესიას არ შესტკივა გული ჩვენი ახალგაზრდობისათვის, არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ხელისუფლებას. კერძო სექტორში კანაფის მოყვანამ, შესაძლოა, გაზარდოს ნარკომანია და ასეთი ეკონომიკა ქვეყანას არ სჭირდება, ამიტომაც "მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი", - განაგრძობს გამოცემა.

"კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ამას. ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. აი, ამიტომ, მე მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიურად შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს?! მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეკლესია, ხალხი, ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი", - განაცხადა პატრიარქმა. პატრიარქის ქადაგებას უმალვე გამოეხმაურა "ქართული ოცნება". პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვა გადაიდო, "მათ არსად არ ეჩქარებათ" და იმ საკითხზე, რომელიც ეხება მცენარე კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, საზოგადოებასთან, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, კონსულტაციები გაიმართება", - დასძენს გამოცემა.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ეს კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ გვექნება ფართო კონსულტაციები, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება ამ საკითხის რეგულირების თაობაზე. ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. განხილვის გადადება მოიწონეს სასულიერო პირებმაც. დეკანოზმა შალვა კეკელიამ აღნიშნა, რომ კობახიძის განცხადებას კანონპროექტის განხილვის გადადებაზე იწონებს, რადგან მათი დიდი აღშფოთება სწორედ იმან გამოიწვია, რომ საპატრიარქოსთან კონსულტაციის გარეშე გადაწყვიტეს კანონის მიღება და არ ახსნეს, რაზეა საუბარი. დეკანოზი მიიჩნევს, რომ რეგულაციის განხილვაში ყველა უნდა მონაწილეობდეს და უნდა განიხილონ, რაში და როგორ ეთანხმებიან ხელისუფლებას. თუმცა დეკანოზმა "მთელ კვირასთან" მოუცლელობა მოიმიზეზა და არ გასცა პასუხი კითხვას, ეთანხმება თუ არა პატრიარქის იდეას, კანაფის კულტივაცია სახელმწიფოს მონოპოლია იყოს. პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, "აშკარად და თვალსაჩინოდ ჩანს, რომ ხელისუფლება დაელაპარაკა პატრიარქს, შესაძლოა, უმაღლეს სამღვდელოებაში რაღაც ჯგუფსაც, რაღაცაში დაარწმუნა და გარიგება მოხდა", - წერს სტატიის ავტორი.

"კონკრეტულად რაზე და როგორ მოელაპარაკა, ცხადია, ჩვენ არ ვიცით. გასაგებია, ხელისუფლებას აქვს ბერკეტი ეკლესიაზე ზემოქმედებისთვის. ეკლესიის თვალსაზრისითაც, ეს ხელისუფლება მაინც უკეთესია, ვიდრე მისი შესაძლო ალტერნატივა. ამიტომ ორივე მხარეს აქვს სურვილი, შეთანხმდეს და შეთანხმდნენ კიდეც. ცხადია, რომ დღევანდელ ეტაპზე პატრიარქი, შესაძლოა, ვერ აკონტროლებდეს ყველა სასულიერო პირს და ვიღაცამ გააგრძელოს ხელისუფლების კრიტიკა, მაგრამ თუ ხელისუფლებამ დაარწმუნა პატრიარქი და არ იქნება ეკლესიის საერთო წინააღმდეგობა, ცალკეული მღვდლისა და ეპისკოპოსის ოპოზიციას აიტანს. ხელისუფლება ამ კანონპროექტით არა მხოლოდ ეკლესიასთან შევიდა კონფლიქტში, არამედ საკუთარი მომხრეების დიდ ნაწილთანაც. ამ დღეებში ძალიან ბევრი გამიგია იმ ადამიანებისგან, რომლებიც ასე თუ ისე "ქართული ოცნების" მომხრეები იყვნენ, ძალიან მკაცრად აკრიტიკებდნენ ამ კონკრეტულ კანონპროექტს. თუმცა ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ შეუძლია, ყურადღება ნაკლებად მიაქციოს ამ უკმაყოფილებას", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ნოდია.

რუსეთი თბილისში ლუგარის ლაბორატორიის თემით სკრიპალების მოწამვლის გადაფარვას ცდილობს

"საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრი იგორ გიორგაძე მოსკოვში პრესკონფერენციას მართავს და რუს ჟურნალისტებს თბილისში ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის საფრთხის თაობაზე აცნობებს... მის სიტყვებზე დაყრდნობით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს, აშშ-ს­ მოსთხოვოს ახსნა, რა ხდება თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში "ბიოლოგიური იარაღის" შექმნასთან დაკავშირებით...სინამდვილე კი უფრო მარტივია... სამწუხაროა, რომ ყოფილი უშიშროების მინისტრი დაემსგავსა ონიშჩენკოს, რომელიც "როსსელხოზნადზორის" დირექტორობისას მანამდე გვდებდა ბრალად თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში "ბიოლოგიური იარაღის" შექმნას, სანამ თავი საკუთარ ხელმძღვანელობასაც არ მოაბეზრა და არ მოხსნეს. ონიშჩენკოს ბრალდებები საეჭვოდ ემთხვეოდა კრიზისულ სიტუაციებს, როცა რუსეთის ხელისუფლებას სურდა, ინფორმაციულად გადაეფარა მისთვის არასასიამოვნო ესა თუ ის ფაქტი და ყურადღება ამერიკელებისა და ქართველების "ვერაგულ ბიოლოგიურ შეტევებზე" გადაეტანა", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით სკრიპალების მოწამვლის გადაფარვას რუსეთი თბილისში ლუგარის ლაბორატორიის თემით ცდილობს...

"იგორ გიორგაძის პრესკონფერენციაც ამ სქემის გაგრძელებაა, მაგრამ ონიშჩენკოსგან განსხვავებით, მისი აქტიურობა, ალბათ, გამოწვეული იყო ბრიტანეთში საბჭოთა-რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება "ნოვიჩოკით" გრუ-ს (რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო) ყოფილი პოლკოვნიკის, სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტის საერთაშორისო რეზონანსის გადაფარვის ცდით. იმდენი მამხილებელი მასალა დაგროვდა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანები თითქმის აღარ ეჭვობენ - პოლკოვნიკი სკრიპალი და მისი ქალიშვილი შურისძიების მიზნით გრუ-მ მოწამლა, რადგან ეს ორგანიზაცია გამყიდველებს არაფერს პატიობს. სკრიპალების საქმეში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ მსოფლიოში ძლიერი ანტირუსული საინფორმაციო ტალღის აგორების ფონზე, ალბათ, მათ თავიანთ ძველ კოლეგას იგორ გიორგაძეს დაავალეს, ხელახლა წამოეჭრა უკვე მივიწყებული თემა თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში "ქართველებზე ბიოლოგიური ცდებისა" და "ბიოლოგიური იარაღის" წარმოების საშიშრობის თაობაზე - თუკი ბრიტანელები "ნოვიჩოკით" სკრიპალების მოწამვლას გვაბრალებენ, ნახეთ, ამერიკელები ადამიანებს თბილისში აშენებული ბიოლოგიური ლაბორატორიიდან წამლავენ, რის შესახებაც საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი აცხადებსო! რუსეთი კიდევ არაერთხელ ეცდება ლუგარის ლაბორატორიის თემის ნეგატიურ კონტექსტში აგორებას", - აღნიშნავს გამოცემა.

"საზოგადობა კი შეიძლება დაინტერესდეს, მართლაც საშიშია თუ არა ლუგარის ლაბორატორიის თბილისის აეროპორტთან ფუნქციონირება? როგორც ყოფილმა ქიმიკოსმა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მიეცა საშუალება, დაეთვალიერებინა ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორია (რომლის ოფიციალური სახელწოდებაა "საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი"), შემიძლია გაბედულად განვაცხადო: დღეს ეს ცენტრი რომ არ გვქონოდა, სახელმწიფოს ბოლო თეთრი უნდა გაეღო მის შესაქმნელად! და აი, რატომ: როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად უსაფრთხო იყო თბილისის მჭიდროდ დასახლებულ უბანში - ასათიანის ქუჩაზე შესაბამისი დაცვის გარეშე შავი ჭირის, ჯილეხის, ბრუცელოზის, ტულარემიის, ბოტულიზმის, წითელას თუ ათასი სხვა ჭირის (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ვირუსებისა და ბაქტერიების ეტალონური ნიმუშების შენახვა, რომელთა "გაქცევა" ლაბორატორიიდან საქვეყნო მასშტაბის ტრაგედიად გვექცეოდა?! დღეს ლუგარის ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მე-3 დონეს აკმაყოფილებს და ქართველ სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ოპერატიულად, ადგილზევე განსაზღვრონ, ამა თუ იმ შემთხვევაში რა კონკრეტულ დაავადებასთან გვაქვს საქმე და ხომ არ გვემუქრება რაიმე ეპიდემია", - წერს სტატიის ავტორი.