მურთაზ ზოდელავა - კაბინეტი, სადაც დანაშაული ჩაიდინეს, დალუქული არ არის, ამ დრომდე დაკავებული არ არიან ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მურთაზ ზოდელავამ ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას კაბინეტი დაათვალიერა. ზოდელავა შესაძლო ქართამის აღების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას არ ენდობა და ამბობს, რომ კაბინეტი სადაც დანაშაული მოხდა ამ დრომდე დალუქული არ არის.
"კაბინეტი, სადაც დანაშაული ჩაიდინეს დალუქული არ არის. ამ დრომდე არ შეუსწავლიათ ეს ადგილი და დაკავებული არ არიან ყოფილი მერი და მისი მოადგილე", - ამბობს მურთაზ ზოდელავა.
ამ წუთებში ენმ-ი მხარდამჭერებთან ერთად მერიის შენობასთან იმყოფებიან. ისინი აღნიშნული საქმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ.
ენმ-ის მხარდამჭერებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი მათ შორის, მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვას მოყვა, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ იყვნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მერიის შენობაში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. "რუსთავი 2"-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ბიზნესმენ კვირკვიასთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

























