„ნაცმოძრაობის წევრი“ - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ფიდეს პრეზიდენტის არჩევნებში რუსული პროპაგანდისთვის მხარდაჭერა არ მოხდეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ 3 ოქტომბერს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის არჩევნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას დიმიტრი მედვედევის მრჩეველი არკადი დვორკოვიჩი მიიღებს.
ასმათ დიასამიძე ამბობს, რომ მის კანდიდატურას მხარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უჭერს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაგეგმილ არჩევნებში არ მოხდეს რუსული ინტერესებისა და პროპაგანდის გატარება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
"ბათუმში გაიმართება საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით. ამავე დროს, 3 ოქტომბერს ჩატარდება ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მრჩეველი არკადი დვორკოვიჩი, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. როგორც ვხედავთ, რუსეთი სპორტს, კულტურას და სხვა ნებისმიერ სფეროს იყენებს პროგანდისათვის და ამას ხელს უწყობს ჩვენი ხელისუფლება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოყენებული არ იქნას საჭადრაკო ოლიმპიადა და ფიდეს პრეზიდენტის არჩევნები რუსული პროპაგანდისთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ასმათ დიასამიძემ.

























