სოფელ მუხრანში საბავშვო ბაღი გაიხსნა

სოფელ მუხრანში საბავშვო ბაღი გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, დასრულებული სამუშაო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულ-გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ დაათვალიერეს.

უწყების ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მიმდინარე წელს 200-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საბავშვო ბაღში აღსაზრდელები დარეგისტრირებულები არიან, როგორც სოფელ მუხრანიდან, ასევე, მეზობელი სოფლებიდან.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, განხორციელდა და მისი ღირებულება 1 600 000 ლარზე მეტია.