გორის მერის მოადგილემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება ე.წ. საზღვრისპირა სოფლიდან მიულოცა

გორის მერის მოადგილემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება ე.წ. საზღვრისპირა სოფლიდან მიულოცა

გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება ე.წ. საზღვრისპირა სოფლიდან მიულოცა.

„დღეს ძალიან ლამაზი და ემოციური დღეა, მინდა მივულოცო სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები ვუსურვო.

განათლების სისტემის პრიორიტეტად მიჩნევა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სწორედ განათლებული ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობითაა შესაძლებელი ძლიერი სახელმწიფოს შენება“, - განაცხადა ეკატერინე სუხიშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელ აძვის საჯარო სკოლაში მოსწავლეები მიმდებარე ოთხი სოფლიდან დადიან. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს გასულ წლებთან შედარებით პირველ კლასში ოთხჯერ მეტი ბავშვი მიიღეს.

გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ეკატერინე სუხიშვილი აძვის სკოლის გარდა დღეს გორის N4, N12, N1 სკოლებსა და სოფელ თორტიზის, ბერბუკის, მეჯვრისხევისა, ზერტის და ხელთუბნის სკოლებში იმყოფებოდა. დღესვე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში ახალი სკოლა გაიხსნა. თორტიზის სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სკოლის მშენებლობასა და მის სრულ რეაბილიტაციაზე ჯამში 1400 000 ლარი დაიხარჯა.

„ახალი სასწავლო წლის დაწყება თორტიზელ პირველკლასელებს ეკატრინე სუხიშვილმა განსაკუთრებულად მიულოცა და საჩუქრად საკუთარი სახსრებით შეძენილი სასკოლო ჩანთები გადასცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.