აბაშის მუნიციპალიტეტის სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან მერაბ მიგინეიშვილთან ერთად სკოლებს ეწვია, ტექნიკურ ბაზა დაათვალიერა და დირექტორებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
ტურისტული კომპანია „ყატარ-ტურისტის“ ხელმძღვანელმა, ტიტე მიქაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მიულოცა აბაშელ მოსწავლეებს და II საჯარო სკოლის, პ/მაისის, ზანათის, გეზათისა და მაიდნის სკოლის ბიბლიოთეკებს საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადასცა.
პირველკლასელებს პერსონალური კომპიუტერები, ხოლო პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ახალი სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების სრული პაკეტი გადაეცათ.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია აბაშელ პედაგოგებს, განუზომელია მათი ღვაწლი. ვულოცავ მოსწავლეებს, რომლებიც მუდამ წარმატებებს აღწევენ და ასახელებენ ოჯახს, სკოლას, მუნიციპალიტეტს. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველკლასელებისათვის, მათთვის ხომ ახალი ეტაპი იწყება, ჯერაც ამოუცნობი, თუმცა საინტერესო და ემოციით სავსე, ვულოცავ მათ!
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას მჭიდრო ურთიერთობა აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, იცნობს პრობლემებს, მიღწევებს. ჩვენი ვალია, მომავალი თაობა გრძნობდეს მზრუნველობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისაგან, მზად ვართ გემსახუროთ, ყველა პირობა შეგიქმნათ და ხელი შეგიწყოთ წარმატებების მიღწევაში, ისწავლეთ, იღვაწეთ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის“, - მიმართა ლევან მაკალათიამ მოსწავლეებს.

























