„გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირმა“ ტყვეების ნეშტების მოძიების მიზნით, რუსთავში გათხრები განაახლა

„გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირმა“ სამხედრო ტყვეების ნეშტების მოძიების მიზნით, რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე გათხრები განაახლა. ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს, დღეს საქართველოში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშე ფრანც-ჯოზეფ ნოლტი, "გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელი როლფ ბეიდემანი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე გაეცნენ.
როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საქართველოში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშე ფრანც-ჯოზეფ ნოლტმა განაცხადა, რუსთავში წარმოებული გათხრების შედეგად დღემდე 600 ნეშტია აღმოჩენილი და საძიებო სამუშაოები კვლავ გრძელდება. გათხრებს "გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირი“ რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად აწარმოებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სურვილი აქვთ, რომ გერმანელი ტყვეების ერთი საერთო სასაფლაო რუსთავის ტერიტორიაზე გაკეთდეს.
„გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირმა“ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944-1945 წლებში ქალაქის მშენებლობაზე დასაქმებული გერმანელი სამხედრო ტყვეების ნეშტების მოძიების მიზნით, მოკვლევა 2017 წელს დაიწყო.

























