ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილ შენობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას პასუხობს

ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი გიორგი გიორგობიანი ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილ შენობასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" განცხადებას პასუხობს. გიორგობიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ინვესტიცია განხორციელდება, ქალაქი მუზეუმის უსახური შენობის ნაცვლად, ლამაზ ნაგებობას მიიღებს.
გიორგი გიორგობიანის თქმით, ადგილზე 10 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება.
"არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცემა სახელმწიფო მართვის ეროვნულ სააგენტოს. მიწის ნაკვეთზე მოხდება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია და დასაქმდება 50 ადამიანი. უსახური შენობის ნაცვლად კი მივიღებთ ლამაზ ნაგებობას, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ტურისტულად, ასევე, ქალაქის იერსახისთვის", - განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.
ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია" წევრი გიგა შუშანია აცხადებს, რომ სახელმწიფო ქალაქის ცენტრში ყოფილი მუზეუმის ისტორიულ შენობას და მიმდებარე ტერიტორიას პირდაპირი წესით ასხვისებს ბიზნესმენ თემურ ჭყონიაზე.
„თემურ ჭყონია და „კოკა-კოლა“ ერთი წელია ითხოვს ამ ტერიტორიის გადაცემას, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ახლა გადაწყვიტა დაჩქარებული წესით გადასცეს შენობა ბიზნესმენს, რადგან კომპანია „კოკა-კოლამ“ სალომე ზურაბიშვილის ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა. სწორედ ამის სანაცვლოდ, მთავრობამ გადაწყვიტა ტერიტორიის გადაცემა, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ეს არის პოლიტიკური კორუფცია", - განუცხადა გიგა შუშანიამ.

























