„Thomas Cook“-ის წარმომადგენლები აჭარით ინტერესდებიან

„Thomas Cook“-ის წარმომადგენლები აჭარით ინტერესდებიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული კომპანიის „Thomas Cook“-ის წარმომადგენლები სტუმრობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ისინი რეგიონში ტურისტულ ბიზნესს და საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან.

მათი ინფორმაციით, კომპანიის ტურისტული და ავიაკომპანიების მიმართულებების მენეჯერები უკვე შეხვდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტს, ქალაქ ბათუმის მერსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. შეხვედრებზე მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობაზე, აჭარაში ინვესტიციების განხორციელებასა და რეგიონის მიმართულებით ფრენების დანიშვნის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სტუმრები ასევე, გაეცნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას.

„კომპანია „Thomas Cook“ 177 წელია მსოფლიოში ოპერირებს და ყოველწლიურად 19 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება. ის ტურისტულ ბიზნეში წამყვანი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 60 ტურისტული მიმართულებით ანხორციელებს ფრენებსა და ინვესტიციებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა განაცხადა, აჭარის, როგორც 4 სეზონზე მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია წარმოუდგენელია მსგავსი კომპანიების ჩართულობის გარეშე.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურისტულ ბიზნესში მსგავსი მასშტაბური და მსხვილი ორგანიზაციები დავაინტერესოთ აჭარის ტურისტული პოტენციალით. Thomas Cook არის მსოფლიოში ლიდერი კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბიზნესში ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ჩვენი მიზანია მის ერთ-ერთ სამიზნე ტურისტულ მიმართულებად იქცეს ჩვენი ქვეყანა. უკვე დავიწყეთ სამუშაო შეხვედრები, რომელსაც გაგრძელება კონკრეტული შემოთავაზებებით ექნება პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. აჭარის, როგორც 4 სეზონზე მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია წარმოუდგენელია მსგავსი კომპანიების ჩართულობის გარეშე და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მოლაპარაკებებს პოზიტიური შედეგები ექნება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას „Thomas cook“-ის ფრენების დანიშნულების მართვის დირექტორი თიმ ჯოდი, „Thomas cook“-ის ფრენების და აეროპორტის სუბსიდიების მენეჯერი სტეფან ჯოლი, TAV Georgia-ს სატერმინალო ოპერაციების მენეჯერის მოადგილე იუცელ ოლგუნი, TAV-ის ავიაციის მარკეტინგის წარმომადგენელი ქენ ქენბოლატი და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.