რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში დასაქმების ფორუმი გაიმართა

რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში დასაქმების ფორუმი გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში დასაქმების ფორუმი გაიმართა.

დასაქმების ფორუმში 23 მსხვილი და საშუალო კერძო კომპანია, მათ შორის „Palitra ჰოლდინგი“, „ჰაიდელბერგ ცემენტი“, „ნიკორა“, „TBC “, „rompetrol“-ი ღებულობს მონაწილეობას. ფორუმი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა გახსნეს. თეატრის ფოიეში შეკრებილებს, დასაქმების პროგრამების შესახებ, სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ კი სიტყვით გამოსვლისას, იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც დასაქმების ფორუმი მოიცავს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ „რუსთავქალაქობა 2018“-ის ფარგლებში, არა მხოლოდ კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები ჩაგვეტარებინა, არამედ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე დასაქმების ფორუმიც გაგვემართა. დასაქმების ფორუმები საუკეთესო საშუალებაა, როგორც სამუშაოს მაძიებლებისათვის, რომლებსაც ფორუმი ბაზარზე არსებულ აქტიურ ვაკანსიებზე წვდომას უმარტივებს, ასევე დამსაქმებლებისათვის, ახალი კადრების მოზიდვის პროცესში“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

„სოციალური მომსახურების სააგენტოს, რუსთავის მერიამ მომართა და დასაქმების ადგილობრივი ფორუმის ორგანიზება სთხოვა. ეს უკვე რიგით მეცხრე ფორუმია, რომელსაც სააგენტო საქართველოს მასშტაბით მართავს, მასში 23 მსხვილი და საშუალო კერძო კომპანია იღებს მონაწილეობას. 1000-ზე მეტი აქტიური ვაკანსია მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის სფეროებს მოიცავს. დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებელი და პოტენციური დამსაქმებელი ერთ სივრცეში ხვდებიან ერთმანეთს, რაც მეტად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (worknet.gov.ge) რეგისტრირებულ ქვემო ქართლში და მის შემოგარენში მცხოვრებ 30 000, სამუშაოს მაძიებელს დაეგზავნა სმს შეტყობინება. ფორუმი დღის ბოლომდე გაგრძელდება.