,,რუსთავქალაქობა 2018’’-ის ფარგლებში რუსთავს ათი სხვადასხვა დამეგობრებული ქალაქის დელეგაციები ესტუმრნენ

,,რუსთავქალაქობა 2018’’-ის და ქალაქის 70 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე, რუსთავს პოლონეთიდან, უკრაინიდან, ლიეტუვადან, ბელორუსიდან და ფილიპინებიდან ათი სხვადასხვა დამეგობრებული ქალაქის დელეგაციები ესტუმრნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, სტუმრების ოფიციალური მიღება დღეს მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა. შეხვედრაზე რუსთავის მერმა სტუმრებს ქალაქის სამომავლო გეგმებისა და შემდგომი ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრები, კოსტავას გამზირზე, დღეს აღმართულ ბანერთან მიიყვანეს, რომელზეც რუსთავის დამეგობრებული ქალაქების შესახებ, დაწვრილებითი ინფორმაციაა განთავსებული.
მოგვიანებით, ირაკლი ტაბაღუამ, ქალაქის სტუმრები, რუსთავის ისტორიულ მუზეუმშიც მიიწვია, სადაც მათ 70 წლის ქალაქის უძველესი წარსულიც გააცნეს. რუსთავის დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები, ქალაქში, 23 სექტემბრამდე დარჩებიან.

























