Deutsche Welle აჭარაში კიდევ ერთ გადაცემას იღებს

Deutsche Welle აჭარის შესახებ კიდევ ერთ გადაცემას ამზადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები აჭარას სამოგზაურო ტელეგიდის Meet a local-ის გადასაღებად სტუმრობს.
მათივე ინფორმაციით, გადამღები ჯგუფის ობიექტივში მოხვდა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ქართული სამზარეულო და ქედის ღვინის მარნები. ბათუმის შესახებ მომზადებულ ტელეჟურნალს Deutsche Welle-ს მაყურებელი ოქტომბრის ბოლოს ნახავს.
„აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია Deutsche Welle-ს ეთერით მიმდინარე წელს დაიწყო. რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ტელეკომპანიის ეთერით ზაფხულსა და შემოდგომაზე გადაიცემოდა. ზაფხულშივე მომზადდა პირველი ტელეჟურნალი ბათუმში მოგზაურობის შესახებ.
Deutsche Welle-ს გარდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ტელეკომპანიებთან, როგორებიცაა BBC, Euronews და CNN. 2019 წლისთვის კი რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად იგეგმება“, - ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























