ცოტნე ანანიძემ „ევროკლუბის“ პროექტის მონაწილეებისთვის სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმაზე ლექცია წაიკითხა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პროექტის - „დებატები ევროპული მომავლისათვის“ მონაწილეებს შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა პროექტის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, დღევანდელობის, პრობლემების და გამოწვევების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ახალგაზრდებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ცოტნე ანანიძეს თავიანთი მოსაზრებები გააცნეს, მოისმინეს უმაღლესი საბჭოს წევრის ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის მიერ სასჯელაღსრულების ბათუმის N3 დაწესებულებაში მიმდინარე მონიტორინგთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც „ევროკლუბი“ ახორციელებს, ბათუმში ერთი თვეა ხორციელდება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

























