ანსამბლი „რუსთავი“ აბაშაში იმყოფებოდა

ანსამბლი „რუსთავი“ აბაშაში იმყოფებოდა

ანსამბლი „რუსთავი“ აბაშაში იმყოფებოდა. ლეგენდარულმა ანსამბლმა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართა კონცერტი. ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„ქართული ხელოვნების დიდოსტატების - ანზორ ერქომაიშვილისა და ფრიდონ სულაბერიძის მიერ შექმნილმა, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ წევრებმა კონსტანტინე-გამსახურდიას სახლ-მუზეუმის ეზოში არაჩვეულებრივი განწყობა შექმნეს. ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად სტუმრები თბილისიდან, სამეგრელო ზემო-სვანეთის, იმერეთის, გურიის მუნიციპალიტეტებიდან ესწრებოდნენ. კერძოდ, საღამოს სტუმრები იყვნენ: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, ნინო ვიბლიანი, მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სამღვდელოება, მოქალაქეები. აბაშელებისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო თავად ანსამბლის ხელმძღვანელების სტუმრობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

InterPressNews.Geანსამბლის გასვლითი ტურნე შეაფასა საგუნდო დირიჟორმა ანზორ ერქომაიშვილმა და მუნიციპალიტეტს მადლობა გადაუხადა.

„მეამაყება, რომ დღეს ამ მიწაზე ვდგავარ, მეამაყება, რომ „ანსამბლმა“ რუსთავმა კონცერტი გამართა ამ დარბაზში, რომელსაც მე კონსტანტინე გამსახურდიას დარბაზს ვუწოდებდი. მომეჩვენა, რომ დიდი კონსტანტინე იყო დღეს ჩვენთან და მასთან ერთად იყვნენ ის ღირსეული აბაშელები, რომელთაც ისტორია შექმნეს. ვულოცავ აბაშელებსა და აბაშას ამ დღეს, ანსამბლი „რუსთავის“ სახელით კი მადლობას გიხდით ამ თბილი და ემოციური შეხვედრისათვის. ეს სითბო და სიყვარული საზღვარგარეთის ტურნეებშიც გაგვყვება და არამხოლოდ იქ, ეს განცდა გვექნება მანამ, სანამ ანსამბლი იარსებებს. მადლობა აბაშელებს, მადლობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, მადლობა ლევან მაკალათიას მხარდაჭერისთვის, გვიგულეთ თქვენ გვერდით,“ - მიმართა ანზორ ერქომაიშვილმა აბაშელებს.