მედეა ვასაძე - დავით ბალაძის და არჩილ ხაბაძის მმართველობის პერიოდში არაერთი კორუფციული ფაქტი დაფიქსირდა, რაც დღემდე გამოუძიებელია

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრი მედეა ვასაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დავით ბალაძის სამშენებლო კომპანია "ალიანს ჯგუფში" დასაქმებას გამოეხმაურა. როგორც მედეა ვასაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დავით ბალაძისა და არჩილ ხაბაძის აჭარაში მმართველობის პერიოდში „არაერთი კორუფციული ფაქტი დაფიქსირდა, რაც დღემდე გამოუძიებელია“.
მედეა ვასაძის ინფორმაციით, დავით ბალაძის მინისტრობის პერიოდში "ალიანს ჯგუფს" ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი გადაეცა. ვასაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილ მინისტრს დაუფასეს და დღეს "ალიანს ჯგუფში" მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს.
მედეა ვასაძე ასევე ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის გაფლანგვის საკითხსაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, თანხის მითვისებაზე პირი დააკავეს, თუმცა ხუთი მილიონიდან მხოლოდ 300 ათასი ლარი ამოიღეს.
„მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს დაინტერესდეს აღნიშნული საკითხებით“,- განაცხადა მედეა ვასაძემ.

























