ჭალადიდი-შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის (ჭალადიდი - შუა ხორგის მონაკვეთი) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ჭალადიდი - შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ.
სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 4 კილომეტრია. მოეწყობა მილხიდები და ეზოში შესასვლელები. განთავსდება საგზაო ნიშნები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 2 მილიონ 988 ათასი ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს.

























