„რუსთავქალაქობა 2018“-ის ფარგლებში  სპორტული გარბენი ჩატარდა

„რუსთავქალაქობა 2018“-ის ფარგლებში  სპორტული გარბენი ჩატარდა

ქალაქის 70 წლის იუბილესა და „რუსთავქალაქობა 2018“-ის ფარგლებში, დღეს რუსთავში სპორტული გარბენი ჩატარდა. სპორტული ღონისძიება, სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას მიეძღვნა. სპორტულ აქტივობაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ყველა ქვედანაყოფი, ასევე ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და დასავლეთ სარდლობის წარმომადგენლები, რიგითი რუსთაველები და სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

სამშვიდობო მისიებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი გარბენის გამარჯვებული სამხედრო პირებიდან საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე კაპრალი გიორგი ლომიძე, სამოქალალაქო პირებიდან სპორტსმენი ლუკა გოგილაშვილი გახდა. სიმბოლური თასი გადაეცა IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გუნდს და მის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძეს. მედლები და საჩუქრები გადაეცათ სხვა საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებსაც.

სპორტულ ღონისძიებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრნენ.

„ვულოცავ რუსთავს ქალაქის იუბილეს და „რუსთავქალაქობას“. დიდი მადლობა რუსთავს, რომ მიგვიღეს, „რუსთავქალაქობას“ დაემთხვა სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჩვენი ბიჭების სახელობის გარბენი, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ - სამხედროები ვართ ერთიანი სამოქალაქო პირებთან და ვაკეთებთ ერთ საქმეს, დიდი მადლობა ამისთვის. გარბენში ჩართული იყო აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, მთლიანობაში კარგი ღონისძიება გაიმართა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ.

გარბენის ორგანიზატორები საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაა.