რუსთავში საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს

რუსთავში საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალი კოსტავას გამზირზე გაიმართა, სადაც „რუსთავქალაქობა 2018“-ის დასკვნითი ღონისძიებები ჩატარდა.
წელს საპატიო რუსთაველის ტიტული, სპეციალური სიგელი და საჩუქარი, კომპოზიტორ გია ყანჩელს, პედაგოგ ლალი წერეთელ-არობელიძეს, მეან-გინეკოლოგ ლაურა მირაშვილს, დეკანოზ გიორგი გორგიძეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირის თავმჯდომარე გოჩა კაპანაძეს, ჟურნალისტ ლია მარტაშვილს, მშენებელ-ინჟინერ კარლო ლეკვეიშვილს, მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდოაბაში, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯსა და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ თემურ ყაზარაშვილს გადაეცა.
ქალაქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს „რუსთავქალაქობა“ ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი, სპორტული, ლიტერატურული, შემეცნებითი, თეატრალური და მუსიკალური ღონისძიებებით, ეთნოფესტივალით, საქართველოს სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტით მასშტაბურად აღინიშნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, დილიდან სადღესასწაულო ღონისძიებები სპორტული მარათონით გაიხსნა, საღამოს კოსტავას გამზირზე, „რუსთავქალაქობა 2018-ის“ მთავარი ღონისძიებები სახელწოდებით - „კეთილი ადამიანები“ და „გააცოცხლე რუსთავის ისტორია“ მიმდინარეობს, სადაც ძველი თაობის რუსთაველები საპატიო სტუმრების სტატუსით არიან მოწვეულნი.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, 50-იანი და 60-იანი წლების რუსთავის ამსახველი ფოტოგამოფენა და გასული საუკუნის რუსთავისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო დახვდათ. საზეიმო კონცერტსა და საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონიალს, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, რუსთავთან დამეგობრებული 10 ქალაქის ოფიციალური დელეგაციები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მიწვეული სტუმრები ესწრებიან.
„რუსთავქალაქობა 2018“-ის კვირეულს ჯგუფ „რეგიონის“ გალა-კონცერტი დაასრულებს.

























