საგარეჯოს მუნიციპალიტეტს შირვინტუსის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ეწვია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტს შირვინტუსის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ეწვია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტს 4 დღიანი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკის შირვინტუსის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: შირვინტუსის მერი ჟივილე პინსკუვიენე, მუნიციპალიტეტის საბჭოს დეპუტატი დარიუს ვალკაუსკასი, მერიის ადმინისტრაციის უფროსი ინგრიდა ბალტუშაიტე-ჩეტრაუსკიენე და საერთაშორისო საკითხებში მერიის სპეციალისტის აუშრინე მილიუკაიტე-ჟანოვსკიენე.

მათივე ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში დელეგაციას საზეიმო დახვედრა გაუმართეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა, მერის მოადგილეებმა ალექსი გილაშვილმა და პაატა ასრათაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ოთარ ჩალათაშვილმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა. ხელოვნების სკოლა „მი რე ლას“ აღსაზრდელებმა სტუმრების საპატივსაცემოდ ლიეტუვური ხალხური სიმღერა შეასრულეს.

გიორგი ერბოწონაშვილმა საპატიო სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ჟივილე პინსკუვიენემ მასპინძლებს სუვენირები უსახსოვრა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორი მუნიციპალიტეტის დამეგობრების მნიშვნელობის და სამომავლო, ურთიერთსასარგებლო პერსპექტივების შესახებ. საგარეჯოს და შირვინტუსის მუნიციპალიტეტების მერებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიზანია საჯარო მართვისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარება, თანამშრომლობა ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და კულტურის საკითხებში. ამასთან, ხსენებული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდება ინფორმაციის გაზიარება ორივე მუნიციპალიტეტის ისტორიის, კულტურისა და ღირსშესანიშნაობათა შესახებ.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შეხვედრები შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით იყო დატვირთული. შირვინტუსის დელეგაციის წევრებს მასპინძლობა გაუწიეს: გიორგი ერბოწონაშვილმა, ალექსი გილაშვილმა, პაატა ასრათაშვილმა, ოთარ ჩალათაშვილმა, საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა მანანა ცუცქირიძემ, მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსმა არჩილ ჯაბადარმა, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა როსტომ ბაქრაძემ, ქალაქ საგარეჯოში მერის წარმომადგენელმა იოსებ მარხვაშვილმა, მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსმა ლევან ნიჟარაძემ, ამავე განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ნინო ქურხულმა და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ბელა ხანგოშვილმა.

მუნიციპალიტეტის ცნობით, სტუმრებმა საგარეჯოს №4 საჯარო სკოლა დაათვალიერეს, სადაც სკოლის დირექტორს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ. სკოლაში ვიზიტისას, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განათლებასა და მომავალი თაობის აღზრდას, რისთვისაც საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან. სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის დირექტორის, ნელი ბალახაშვილის ინიციატივით შექმნილი მცირე ისტორიული მუზეუმი, ე.წ. „მომავლის კლასი“ და სკოლის დერეფანში წარმოდგენილი მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრები. მოსწავლეებმა ეროვნული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.

მათივე ინფორმაციით, სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს უძველეს ისტორიულ-კულტურულ ძეგლს - ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსს.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შირვინტუსის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დაინტერესება აგრეთვე გამოიწვია ქართული ღვინოების წარმოების პროცესმა, რაც მათ დეტალურად გააცნეს სოფელ პატარძეულთან მდებარე საწარმო „კახეთის ტრადიციულ მეღვინეობაში“.

საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებზე საუბარი გაგრძელდა სოფელ თოხლიაურში არსებულ, ახლად გახსნილ საოჯახო სასტუმრო „ვინერიაში“. სტუმრებმა და მასპინძლებმა სიმბოლურად ქართული ჩურჩხელებიც ამოავლეს.

ვიზიტი კიდევ 3 დღეს გაგრძელდება.