დაბა ბაკურიანში დიდველთან მისასვლელი ალტერნატიული გზის გაყვანა მიმდინარეობს

დაბა ბაკურიანში დიდველთან მისასვლელი ალტერნატიული გზის გაყვანა მიმდინარეობს.1 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც გრუნტის მოსწორებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა დაათვალიერეს.
მერის თქმით, გზა დაბა ბაკურიანის ახალ დასახლებაში გადის და ის მნიშვნელოვნად განტვირთავს ცენტრალურ გზას მანქანების ჭარბი რაოდენობისაგან.
"მოგეხსენებათ ზამთრის სეზონზე ცენტრალურ ქუჩებს მეტი დატვირთვა აქვს, რაც იწვევს საცობებს, დიდველისკენ მიმავალ მანქანებს კი უკვე სათადარიგო გზა ექნებათ. მძიმე ტექნიკის შემოყვანაში დიდი დახმარება გაგვიწია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას. სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი რესურსიც”,- აღნიშნა მერმა.
აღსანიშნავია, რომ დაბა ბაკურიანში პარალელურად მიმდინარეობს შემოვლითი გზისა და კაპიტალური საპარკინგე ადგილის მოწყობაც.

























