„ნაცმოძრაობის“ წევრი - აჭარის პოლიციის დეპარტამენტი თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს, 3 წელში 500-ზე მეტი უნიტაზი შეიძინა, რაც საჭიროებას არ წარმოადგენდა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტი ბიუჯეტიდან თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა გია ხალვაშმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გია ხალვაშის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 500-ზე მეტი უნიტაზი და მისი ჩამრეცხი ავზი შეიძინა, რაც საჭიროებას არ წარმოადგენდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აუდიტის სამსახურის მოუწოდებს, საკითხი შეისწავლონ.
„აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ბოლო 3 წლის განმავლობაში შეიძინა 500-ზე მეტი უნიტაზი და მისი ჩამრეცხი ავზი, რაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობებში არსებულ სველ წერტილებს 5-ჯერ აღემატება. მივმართავ აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, რადგან გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აჭარის პოლიცია არამიზნობრივად ხარჯავს ბიუჯეტის თანხებს. სამწუხაროა , რომ რეგიონში კრიმინოგენული სიტუაცია პიკზეა მისული, ხოლო პოლიცია უნიტაზების ყიდვითაა დაკავებული",- განაცხადა გია ხალვაშმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი გია ხალვაში სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წელს მხოლოდ 5 უნიტაზი თავისი კომპლექტით შეიძინა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოლო 3 წელიწადში აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 500 უნიტაზი შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება.
"აჭარის პოლიციის დეპარტამენტის განკარგულებაშია 22 ობიექტი, სადაც განთავსებულია 122 სველი წერტილი. პერიოდულად ხდება აღნიშნული ინფრასტრუქტურის გაახლება და რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს დეპარტამენტმა მის დაქვემდებარებაში არსებულ შენობებში მდებარე სველი წერტილებისა და სამზარეულოების გამართული ფუნქციონერებისთვის 10 592 ლარის ღირებულების სამეურნეო პროდუქცია კანონით დადგენილი წესით, ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა. 2017 წელს შესყიდვების თანხა 4 464 ლარს შეადგენდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ბოლო 3 წელიწადში 500 ცალი უნიტაზი შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება. უნიტაზების შესყიდვა ბოლოს 2016 წელს განხორციელდა. დეპარტამენტმა ორი წლის წინ 5 ცალი უნიტაზის კომპლექტი შეისყიდა",- განაცხადეს შსს-ში.

























