სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა

სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მეორე კორპუსში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. სკოლის 100-მდე მოსწავლე დღეს სკოლაში არ შევიდა, ისინი მეთორმეტეკლასელების პირველ კორპუსში გადაყვანას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის სკოლის ორივე კორპუსი მოქმედია და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა დირექციის გადაწყვეტილებით, მეთორმეტე კლასი პირველ კორპუსში ისწავლის. ამ გადაწყვეტილებას სხვა კლასების ეტაპობრივი გადაყვანის და პირველი კორპუსის გაუქმების წინაპირობად თვლიან მოსწავლეები. მათი თქმით, სკოლის მეორე კორპუსი პირველი კორპუსიდან საკმაოდ მოშორებით არის და მათ გადაადგილების პრობლემაც შეექმნებათ.

„დირექცია აპირებს ეტაპობრივად გადაიყვანოს კლასები და ეს მეთორმეტე კლასის გადაყვანით დაიწყო, მომავალ წელს ალბათ, სხვა კლასსაც გადაიყვანენ და მეორე კორპუსი საერთოდ დაიხურება. მოვითხოვთ, შეჩერდეს მიღებული გადაწყვეტილება და მეთორმეტე კლასი დარჩეს ამავე კორპუსში", -განაცხადეს სკოლის მოსწავლეებმა.

შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე ითხოვენ, სკოლას სტატუსი დაუბრუნდეს და მდინარი ბებიაშვილის სახელობის სკოლა გახდეს, ასევე აცხადებენ, რომ თუ სამინისტროს არა აქვს ფინანსები, შენობას საკუთარი ძალებით გაარემონტებენ.

სკოლის დირექციაში ბავშვების ბრალდებას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ არ იგეგმება კორპუსის გაუქმება და ფინანსების დაზოგვის მიზნით, მხოლოდ ერთი კლასის გადაყვანაა დაგეგმილი.