ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე ძველი სახაზო ონკანი ახლით შეიცვლება

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" 27 სექტემბერს ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 28-ე კილომეტრზე დაზიანებული 500მმ სახაზო ონკანის ახლით შეცვლას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული სამუშაოების ჩატარების გამო, ბუნებრივი გაზის მიწოდება გარკვეულ სოფლებს შეუწყდებათ.
კერძოდ, 06:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ ბაშის, ხონის, იანეთის, მარტვილის, ახალსოფელის, სამტრედიის, სანავარდოს, ქვიშანჭალას, აბაშას და მუხურჩას სოფლების აბონენტებს. ბუნებრივი აირი ასევე არ მიეწოდება კოპიტნარისა და ხონის სამხედრო ბაზებს. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" შესაძლო დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს მათი დაზიანების ნებისმიერი საფრთხე. კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























