ზაალ ანჯაფარიძე - მოსკოვი ცდილობს „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკით, არ დაუშვას აფხაზეთში მისთვის არასასურველი სცენარების განვითარება

ზაალ ანჯაფარიძე -  მოსკოვი ცდილობს „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკით, არ დაუშვას აფხაზეთში მისთვის არასასურველი სცენარების განვითარება

სოხუმის დაცემის 25 წლისთავზე აფხაზეთში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ”ინტერპრესნიუსი“ დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, 25 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, 1993 წლის 30 სექტემბერს აფხაზურმა შენართებმა, რომლის შემადგენლობაშიც მრავლად იყვნენ რუსი სამხედროები, ჩრდილოეთკავკასიელები და კაზაკები, პოზიციები მდინარე ენგურზე დაიკავეს. გასაგებია, რომ ეს მოვლენები სოხუმში და თბილისში ყოველ წელს განსხვავებულად აღინიშნება. ვინაიდან წელს ამ ტრაგიკულ მოვლენებიდან 25 წელია გასული, მრგვალი თარიღი სოხუმში განსაკუთრებულად აღინიშნება.

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სექტემბრის ბოლოს სოხუმსა და მთელ აფხაზეთში უამრავი სადღესასწავლო ღონისძიებებია დაგეგმილი და სოხუმში უამრავ სტუმრებსაც ელიან, თუ დღევანდელ აფხაზეთში სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში გარკვევას შევეცდებით, აფხაზეთში სადღესასწავლო ბევრი არც არაფერი უნდა ჰქონდეთ. მაგრამ, ფაქტია, რომ აფხაზეთში ყველა სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდება. თქვენი შეფასებით, როგორი სოციალური და პოლიტიკური ვითარებაა აფხაზეთში ომის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ?

- დავიწყებ იმით, რომ ეს თარიღი ყველა ჩვენგანისათვის გამორჩეულად ტრაგიკული თარიღია ძალიან ბევრი ფაქტორისა და მიზეზ-გარემოებათა გამო, რომელთა განხილვა-ანალიზსაც ალბათ ათი ინტერვიუც არ ეყოფოდა.

1993 წლის 27 სექტემბერი, ისევე როგორც 2008 წლის 8 აგვისტო, არის მკაცრი გაფრთხილება, რომ მსგავსი თარიღების გაჩენა ჩვენს ისტორიაში მეტად აღარ დავუშვათ

არასოდეს დამავიწყდება იმ ავბედით დღეს პირდაპირ ეთერში აცრემლებული გადაცემა „მოამბის“ წამყვანი, რომელიც სოხუმის დაცემას გვამცნობდა. სხვადასხვა მონაცემებით, ქართველებს ამ ომში, რომელიც შეიძლებოდა არ ყოფილიყო, 10 000 ადამიანი დაგვეღუპა, აფხაზებს კი 3 500. მცირე ერებისათვის ეს სერიოზული დანაკარგებია, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ხასიათის დანაკარგებზე.

პირადად მე, ამ ტრაგიკულ თარიღს აღვიქვამ იმ მწარე გაკვეთილად, რომელიც ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის გამოუცდელობის, ღალატის და არაკომპეტენტურობის შედეგად მივიღეთ. 1993 წლის 27 სექტემბერი, ისევე როგორც 2008 წლის 8 აგვისტო, არის ასევე მკაცრი გაფრთხილება, რომ მსგავსი თარიღების გაჩენა ჩვენს ისტორიაში მეტად აღარ დავუშვათ.

თუ ადგილობრივ წყაროებს დავეყრდნობით, სოციალური ვითარება აფხაზეთში საკმაოდ მძიმეა, თუმცა ათი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, გარკვეული მცირე გაუმჯობესება არის. ფართოდ გავრცელებული კრიმინალი და სამართალდამცავთა უმოქმედობა, სერიოზულ ზიანს აყენებს რეგიონს, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც, რადგანაც აფრთხობს ტურისტებს და ინვესტორებსაც, რომელთა ნაკადიც აფხაზეთში შესამჩნევად მცირდება.

პოლიტიკური ვითარებაც საკმაოდ აჭრილია. ხაჯიმბა და მისი ხელისუფლება სწრაფად კარგავენ პოპულარობას, ოპოზიცია კონსოლიდაციას ცდილობს და მორიგი შეტევისათვის ემზადება. ის გარედან ნაკლებად შესამჩნევი პოლიტიკური დუღილის პროცესი რაც ეხლა აფხაზეთში მიდის, ადრე თუ გვიან გადაიზრდება მორიგ პოლიტიკური დაპირისპირებაში.

სამწუხაროდ, არ ჩანს არავითარი სერიოზული ხელშესახები ნიშანი, რომელიც გვაფიქრებინებდა, რომ ქართველთა მიმართ აფხაზების დამოკიდებულებამ უკეთესობისკენ შემობრუნება დაიწყო

არ შეიძლება არ აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ნელ-ნელა იცვლება აფხაზური საზოგადოებრიობის ერთი ნაწილის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და იცვლება უარესობისკენ.

ცალკეული პირების თითქოსდა იმედისმომცემი განცხადებების მიუხედავად, სამწუხაროდ, არ ჩანს არავითარი სერიოზული ხელშესახები ნიშანი, რომელიც გვაფიქრებინებდა, რომ ქართველთა მიმართ აფხაზების დამოკიდებულებამ უკეთესობისკენ შემობრუნება დაიწყო.

- რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ აფხაზეთს არა ერთი, საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს. თქვენი დაკვირვებით, როგორ გამოიყურება დღევანდელი აფხაზეთის უმნიშვნელოვანესი პრობლემების ჩამონათვალი და სავარაუდოდ, რაა ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზები?

- ადგილობრივ დონეზე, აფხაზეთისთვის უმნიშვნელოვანესი პობლემებია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური სიკეთეების თავმოყრა გავლენიანი კლანების ხელში, რაც რიგით აფხაზებში უსამართლობის მძაფრ განცდას იწვევს და ერთხელაც ეს მძიმე სოციალური პროტესტის ფორმას მიიღებს. დიდი პრობლემაა პრაქტიკულად უმართავი მძიმე კრიმინოგენული ვითარება და შიდა კლანური დაპირისპირებები, ასევე ყოვლისმომცველი კორუფცია, რის გამოც ფერხდება განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები.

აფხაზეთისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემებია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური სიკეთეების თავმოყრა გავლენიანი კლანების ხელში, რაც რიგით აფხაზებში უსამართლობის მძაფრ განცდას იწვევს და ერთხელაც ეს მძიმე სოციალური პროტესტის ფორმას მიიღებს

სერიოზული პრობლემაა საერთაშორისო იზოლაცია, რის გამოც აფხაზეთში მცხოვრებთა საერთაშორისო გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ რუსეთს არ ჩავთვლით, და ასევე ის არაღიარების პოლიტიკა, რასაც აფხაზეთის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობა ატარებს.

არის ასევე სხვა წმინდა შიდააფხაზური პრობლემები, რომლებიც ეხება თუნდაც აფხაზური ენის და ზოგადად აფხაზური კულტურის შენარჩუნება-გადარჩენას, დემოგრაფიულ ვითარებას, რომელიც აფხაზებს მათთვის არასახარბიელოდ მიაჩნიათ და სხვა.

- დამკვირვებელთა უმრავლესობის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა, აფხაზეთი ბევრად თავისუფალი იყო მანამდე, ვიდრე მას „დამოუკიდებლად“ კრემლი აღიარებდა.

2014-2015 წლებში რუსეთთან დადებული შეთანხმებებით აფხაზეთი დღეს სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით რეალურადაა რუსეთის ნაწილი და სოხუმის ხელისუფლების საქმიანობა რეალურად მოსკოვიდან იმართება.

თქვენი აზრით, რა მექანიზმებით და როგორ ერევა რუსეთი „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის საქმეებში და სავარაუდოდ, როგორ ხორციელდება მოსკოვიდან აფხაზეთის მართვა?

- ის ფაქტორები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, აძლევს მოსკოვს იმის ბერკეტებს, რომ აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაცია მეტ-ნაკლებად კონტროლქვეშ ჰყავდეს. თუმცა, რუსეთს იმის გათვალისწინებაც უწევს, რომ აფხაზებთან მიმართებაში ხისტი და ნაჯახისებური ქმედებებით შესაძლოა უკუეფექტი და სერიოზული გართულებები მიიღოს.

არც ხაჯიმბას რეჟიმია დასუსტებული ჯერ ისე, რომ სახელისუფლებო კრიზისი დადგეს და არც ოპოზიციაა ჯერჯერობით ისე მოძლიერებული, რომ რამე სერიოზული მოიმოქმედოს რეჟიმის შესაცვლელად

ამიტომაც მოსკოვი ცდილობს „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკით, რამდენადაც ეს გამოუვა, არ დაუშვას აფხაზეთში მისთვის არასასურველი სცენარების განვითარება. მაგალითად, რუსეთი პერიოდულად ამცირებს აფხაზეთისთვის საბიუჯეტო დახმარებას და მერე აფხაზებს უწევთ მოსკოვისთვის ხვეწნა და ერთგულების მტკიცება, რათა დახმარება კიდევ უფრო არ შემცირდეს, მოსკოვი კი ამის სანაცვლოდ პირობებს აყენებს.

- ფაქტია, რომ აფხაზეთში საშინაო პოლიტიკაში ვითარება პერმანეტულად მწვავდება. რაულ ხაჯინბას ხელისუფლებამ, რომელმაც „პრეზიდენტი“ ანქვაბი აიძულა გადამდგარიყო, ვერც მოსახლეობისთვის შეძლო რეალურად ბევრი რამის გაკეთება და არც „აფხაზურ სახელმწიფოს“ დატყობია უკეთ ფუნქციონირება და სისტემური ცვლილებები.

ადგილობრივ ოპოზიციონერთა მტკიცებით, აფხაზეთში მაღალი რჩება კორუფციისა და უმუშევრობის დონე, მძიმე ვითარებაა ნარკომანთა რაოდენობის მხრივ და საკმაოდ დიდია იმათი რაოდენობა, ვინც შიდსითაა დაავადებული. ყოველწლიურად მცირდება შობადობა.

კრიმინოგენული ვითარება იმდენად მძიმეა, რომ რუსი ტურისტები, რომლებიც მანამდე აფხაზეთში მრავლად ჩადიოდნენ, ახლა ჩასვლას ერიდებიან. წელს, ისევე როგორც შარშან აფხაზეთში პრაქტიკულად ჩავარდა ტურისტული სეზონი.

ხელისუფლება და ოპოზიცია მხოლოდ იმაში თანხმდებიან, რომ კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება დემოგრაფიული სურათი. ამას წინათ, გაერთაიანებულმა ოპოზიციამ „პრეზიდენტ“ ხაჯინბასაგან გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაც კი მოითხოვა. თქვენ როგორ შეაფასებდით, აფხაზეთის საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას? ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ძალთა ბალანსს?

- ამ თემებზე მეტ-ნაკლებად ვისაუბრე, აფხაზეთში საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას შევაფასებდი, როგორც მყიფე წონასწორობას.

არც ხაჯიმბას რეჟიმი ადასუსტებული ჯერ ისე, რომ სახელისუფლებო კრიზისი დადგეს და არც ოპოზიციაა ჯერჯერობით ისე მოძლიერებული, რომ რამე სერიოზული მოიმოქმედოს რეჟიმის შესაცვლელად, ისე რომ წარმატების იმედი ჰქონდეს. ორივე ფრთა მოკავშირეებს ისევ მოსკოვის სახელისუფლებო წრეებში ეძებს, იქ კი ოსტატურად თამაშობენ ადგილობრივ პოლიტიკურ ძალთა შორის წინააღმეგობებზე.

- სოხუმის ხელისუფლება მოსკოვის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით ახერხებს საერთაშორისო ასპარეზზეც აქტიურობას და შიდა პრობლემებთან მეტ-ნაკლებად გამკლავებას. მხედველობაში მაქვს ერთი მხრივ გარკვეული ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ხოლო მეორე მხრივ განცხადებების გაკეთება, რომ სოხუმი ჩაშლის ჟენევის კონსულტაციების პროცესს.

ვითარებაში, რომ ჟენევის კონსულტაციები რუსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით მიმდინარეობს, ხოლო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან, გაუგებარია თუ როგორ შეიძლება ჩაშალონ მათ ჟენევის კონსულტაციები.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ჟენევის კონსულტაციების ჩაშლის შესახებ?

- ამით ისინი უბრალოდ აშანტაჟებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს, რომ დისკუსიებს აზრს დაუკარგავენ და თუ ისინი დატოვებენ მოლაპარაკებების მაგიდას, რუსეთი იტყვის რომ კონფლიქტის მონაწილეების ჩართულობის გარეშე ფორმატის ლეგიტიმაცია ეჭვის ქვეშ დადგება და შესაძლოა თავად რუსეთიც გამოეთიშოს პროცესს.

ბუნებრივია, პროცესის ასეთი განვითარება არ სურთ ამ კონსულტაციებში ჩართულ აშშ-ს, ევროკავშირს, ეუთოს და გაეროს, რადგაანც ეს იქნებოდა მათი არაეფექტურობის აღიარება და რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგებზე ზემოქმედების ერთდაერთი საერთაშორისო პლატფორმის მოსპობა.

ჟენევაში მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი ცდილობენ საქართველო დაიყოლიონ ისეთი დოკუმენტების ხელმოწერაზე, რომლებითაც გამყარდებოდა აფხაზეთის და ცხინვალის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსი

ეს არანაირად არ აწყობს საქართველოსაც, რადგანაც ამით ჩვენ ვკარგავთ რუსეთზე საერთაშორისო ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტს. სწორედ ამ ფაქტორით სპეკულირებენ როგორც აფხაზეთის და ცხინვალის წარმომადგენლები და მათ უკან მდგომი რუსეთი.

ჟენევაში მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი ცდილობენ საქართველო დაიყოლიონ ისეთი დოკუმენტების ხელმოწერაზე, რომლებითაც გამყარდებოდა აფხაზეთის და ცხინვალის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსი.

- ცნობილია, რომ სოხუმის ხელისუფლება გალის რაიონში სულ უფრო მეტად ატარებს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვის პოლიტიკას. გალის რაიონის მოსახლეობას ჩამორთმეული აქვთ აფხაზური პასპორტები და ახლა მათ საკუთარ სახლში მხოლოდ ცხოვრების უფლება აქვთ. სოხუმის ხელისუფლების მტკიცებით, გალის რაიონში პრაქტიკულად დახურულია ყველა ქართული სკოლა და ქართველ ბავშვებს რუსულ სკოლაში უწევთ სწავლა. რამოდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის ხელისუფლების გადაწყვეტილებით იგეგმება სირიიდან დაბრუნებული აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლების ჩასახლება.

საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით რა ჰქვია იმას, რაც ახლა გალის რაიონში პრაქტიკულად ხდება და თქვენი აზრით, იქ არსებულ ვითარებაზე სავარაუდოდ, რატომ არ რეაგირებენ საერთაშორისო ორგანიზაციები ადეკვატურად?

- ის რაც ხდება ამჟამად გალის რაიონში შეიძლება შეფასდეს როგორც ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა. საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც არ გააჩნიათ წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვერ აგროვებენ ფაქტებს და სამხილებს, რომ შემდეგ მათზე დაყრდნობით რეაგირება მოახდინონ.

ის, რაც ხდება ამჟამად გალის რაიონში შეიძლება შეფასდეს როგორც ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა

მეორე მხრივ, მათი რეაგირება არავითარ ხელშესახებ შედეგს არ მოიტანს, რადგანაც აფხაზეთი არ არის საერთაშორისო სამართლის აღიარებული სუბიექტი. რამდენი რეკომენდაცია და რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გალში მიმდინარე პროცესებზე, ეს მხოლოდ ფარატინა ქაღალდი იქნება და რაიმე სერიოზულ გავლენას იქაურ ხელისუფლებებზე ვერ მოახდენს, რომ აიძულოს ისინი შეცვალონ არსებული პოლიტიკა.

- უკანასკნელ პერიოდში აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე უმწვავესი შეფასებები გააკეთა დეპუტატმა სერგეი შამბამ, რომელიც მანამდე ვლადისლავ არძინბას თანამებრძოლად მიიჩნეოდა, სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრი იყო.

სხვათა შორის, სერგეი შამბას მიერ „ეხო მოსკვისათვის“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულმა განცხადებამ, რომ იგი „ქართველებს მტრად აღარ განიხილავს“, ასევე მსჯელობამ იმაზე, რომ თუ დროზე არ მიეხედა ქვეყანას, „აფხაზეთი იძულებული იქნება მუხლებზე დამდგარი ეხვერწოს ან რუსეთს, ან საქართველოს მათ შემადგენლობაში მიღებას“, აფხაზეთში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

შამბას ამ განცხადებაზე თბილისშიც იყო დისკუსიები. თქვენ როგორ აღიქვით გამოცდილი და ინფორმირებული პოლიტიკოსის სერგეი შამბას განცხადებები?

- ზუსტად ისე, როგორც იყო ნათქვამი. შამბას განცხადებები ჩემი აზრით, იყო საკუთარი თავის როგორც ერზე მზრუნველი პოლიტიკოსის პოზიციონირება, უფრო გათვლილი რუსულ აუდიტორიაზე, ასევე ხაჯიმბას და მისი გუნდის გასაგონად.

შამბას განცხადება შეიცავდა მარტივ გზავნილს - დავივიწყოთ მტრობა, გვაღიარეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და დავიწყოთ ნელ-ნელა კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა

რაც შეეხება მისი ინტერვიუს ასე ვთქვათ „ქართულ ნაწილს,“ რომელმაც ჩვენი საზოგადოებს ერთ ნაწილში უჩვეულო აღტკინება გამოიწვია. შამბას განცხადება შეიცავდა ერთ მარტივ გზავნილს - დავივიწყოთ მტრობა, გვაღიარეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და დავიწყოთ ნელ-ნელა კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა.

- ვხედავთ, რომ აფხაზეთში ოპოზიცია სულ მეტად იკრებს ძალებს. არძინბას ყოფილი თანამოაზრეებისა და თანამებრძოლების გარკვეული ნაწილი არძინბას ხელისუფლების გაგრძელებად მიჩნეულ ხაჯინბას გუნდს ტოვებენ და ოპოზიციაში გადადიან.

ხაჯინბას რეიტინგი ისე სწრაფად ეცემა, გამორიცხული არაა, რომ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენელმა მოიგოს, რომლის უკან ექსპრეზიდენტი, მანამდე ექსპრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, ექსსაგარეო საქმეთა მინისტრი და ექსპრემიერი სერგეი შამბა, ახლა უკვე არძინბას მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ასტამურ ტანიაც მოიაზრებიან. თქვენი დაკვირვებით, საქართველოსთან მიმართებაში რა განსვავებებია სოხუმის დე გაქტო ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციებში? საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში რა ცვლილებებია მოსალოდნელი თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობებში?

- ვინც არ უნდა გაიმარჯვებს აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, არავითარ კარდინალურ ცვლილებებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში არ ველოდები, რადგანაც თქვენს მიერ ჩამოთვლილ არცერთ პოტენციურ კანდიდატს არასოდეს მოუცია სერიოზული საფუძველი იმისათვის, რომ სხვანაირად გვეფიქრა.

შესაძლოა, რომელიმე მათგანმა ოდნავ შეარბილოს ხისტი მიდგომები იგივე გალის ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში, მაგრამ ამის იქით არ მგონია საქმე წავიდეს.

- მოსკოვი თბილისს ხშირად მოუწოდებს სოხუმთან და ცხინვალთან დაახლოებას, მეტიც, მოსკოვში ხშირად კეთდება განცხადებები რომ რუსეთი ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დაახლოებას მიესალმება.

ამის პარალელურად, მინისტრი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი სოხუმთან და ცხინვალთან მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას არ აპირებს. იგულისხმება მათი აღიარება. მეტიც, კრემლი თბილისისაგან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბებული რეალობის აღიარებას მოითხოვს.

ვინც არ უნდა გაიმარჯვოს აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, არავითარ კარდინალურ ცვლილებებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში არ ველოდები… შესაძლოა, რომელიმე მათგანმა ოდნავ შეარბილოს ხისტი მიდგომები იგივე გალის ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში, მაგრამ ამის იქით არ მგონია საქმე წავიდეს

ამ თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია სერგეი ლავროვის მოადგილის, გრიგოლ კარასინის განცხადება - „მოსკოვს სურს თბილისთან ურთიერთობების გაღმავება, მაგრამ არა სოხუმისა და ცხინვალის ინტერესების ხარჯზე“.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში კრემლის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიციების ფონზე საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურება თბილისსა და სოხუმს, ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის ნდობის აღდგენისა და დაახლოების პერსპექტივა. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- გეთანხმებით, პერსპექტივა არცთუ სახარბიელოა, მაგრამ ნდობის აღდგენა და ხალხებს შორის დააახლოება, ე.წ. „სახალხო დიპლომატიის“ მეშვეობით სავსებით შესაძლებელია თუნდაც არსებული რეალობების გათვალისწინებით.

ნდობის აღდგენის და ხალხთა დაახლოების შემდეგ კი ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი, რადგანაც როდესაც ურთიერთნდობა მყარია, ეს ქმნის მყარ საფუძველს იმისათვის რომ განიხილო ის საკითხები, რასაც უნდობლობის პირობებში ვერანაირად ვერ განიხილავ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი