სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელის ანგარიშს ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა

სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელის ანგარიშს ფოთის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სასპორტო სკოლებში არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ინფრასტრუქტურა ყველგან მოუწესრიგებელია და ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობები არ არის შექმნილი.
მათივე თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება.
„გაუსაძლისი მდგომარეობაა ყველა მიმართულებით. ის, რაც ჩვენ დავტოვეთ, იმაზე არაფერი არაა დამატებული. პარალელური სტრუქტურების შექმნის და თავიანთი მომხრეების დასაქმების მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ბიუჯეტის არამიზნობრივმა ხარჯვამ გამოიწვია ეს ყველაფერი. მაგალითად: არის სპორტის სამსახური და შექმნეს სპორტის გაერთიანების ა(ა)იპი, ორივეს ერთნაირი ფუნქცია აქვს და ამით ფული ნაწილდება არამიზნობრივად , ყველა მიდის ხელფასების ხარჯზე და სპორტის სკოლები კი განადგურებულია. ფეხბურთი დაიწყო ფოთიდან და საფეხბურთო სკოლა საშინელ მდგომარეობაშია, როდესაც მისი ბიუჯეტი იყო 165 000 ლარი, დღეს 65 000 ლარამდეა შემცირებული, რადგან პარალელურ სტრუქტურაში თავიანთ თანამშრომლებს და მომხრეებს დაურიგონ ხელფასი. როცა ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, წახალისების მიზნით, სხვადასხვა ჩემპიონატში გამარჯვებულებს, სხვადასხვა თანხით ვაჯილდოებდით, ესეც ამოუღიათ. სპორტი ნადგურდება, ყველაფერი ნადგურდება ამ ქალაქში“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას თქმით, სასპორტო სკოლებში არსებული ვითარების გამოსასწორებლად დამატებითი თანხებია მოსაძიებელი.
„ოპოზიცია თავის ნეგატიურ მხარეებს ავლენს, ზოგიერთ საკითხში ვეთანხმებით კიდევაც .ოპოზიციას მისი ფუნქცია აქვს, ჩვენ კი გვაქვს ჩვენი ფუნქცია და სხდომებზე მზად ვართ მათ მოვუსმინოთ. ზოგადად, ბევრი მიმართულებით მუშაობს სასპორტო გაერთიანება და ქალაქის ბიუჯეტიც მისი სახსრებიდან გამომდინარე სერიოზულ თანხებს ხარჯავს ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ახლა ვიმსჯელეთ იმაზე, რომ სპორტისთვის აუცილებელია მეტი თანხის მოძიება, რაშიც ცენტრალური ხელისუფლება დაგვეხმარება. მომავალი წლისთვის ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი წარმატება ჰქონდეს ჩვენს ქალაქს სპორტის კუთხით,“- აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.

























