ფოთის საზღვაო ნავსადგურმა კამპანიაში „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ მონაწილეობა მიიღო

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა კამპანიაში „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ მონაწილეობა მიიღო

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მონაწილეობა მიიღო საგზაო უსაფრთხოების თემაზე ჩატარებულ კამპანიაში ,,სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“. კომპანიის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრებისთვის შედგა და TOT ტრენერთა ტრენინგის (Training Of Trainers) სახელით გაიმართა.

ნავსადგურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს შემთხვევების გამომწვევ ძირითად მიზეზებზე, დაუდევარ მართვასა და არსებულ სტატისტიკაზე. შეხვედრების შემდეგ კი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ათი რეგიონის ადგილობრივი საზოგადოებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ თანამშრომლები ბათუმის ავტოსატრანსპორტო საქმიანობაში ჩართულ ადამიანებსაც შეხვდნენ და მათ კამპანიის ფარგლებში აქტუალური თემები გააცნეს.

,,საგზაო მოძრაობის წესების დაცვა ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ეს იქნება მძღოლი, ქვეითი თუ მგზავრი. ვფიქრობთ, რომ პრაქტიკულ ნაბიჯებთან ერთად ამ თემებზე ხშირი საუბარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალებაა ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხო ქცევის ჩამოსაყალიბებლად. ამისთვის ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას სხვა დაინტერესებულ კომპანიებთან, რათა უსაფრთხო გახდეს საქართველოს გზები,“- აღნიშნა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტრენინგების მენეჯერმა ნინო გოგუაძემ.

კამპანიის პარტნიორები იყვნენ ფოთის საზღვაო ნავსადგური - ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ და ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“; ფინანსური მხარდაჭერა - აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMA) Access ინიციატივა.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის R-CSN-ის ორგანიზებით განხორციელდა.