უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დღეს, ქალაქ თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონის გუმბათზე ჯვარი აღიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ჯვრის კურთხევისა და აღმართვის ლოცვა აღავლინა და ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი დალოცა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.
„დღეს ჯვართამაღლებაა და ამავე დროს ჩვენთვის ტრაგიკული დღეა, რადგან 25 წლის წინ ამ დღეს დაეცა სოხუმი და ასიათასობით ძირძველი მოსახლე იძულებული გახდა საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა. მიუხედავად ბევრი განსაცდელისა ჩვენ დევნილეობაში მოვახერხეთ და თბილისის შუაგულში ავაშენეთ ტაძარი, რომელიც ილორის წმინდა გიორგის სახელს ატარებს. დღეს ამ ტაძარზე ჯვარი აღიმართა და მწამს, რომ ამ ჯვრის მადლით დავბრუნდებით და გავერთიანდებით“, - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ.
ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერი პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით შენდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"